ინდოეთის დედაქალაქ დელიში, მეტროსადგურთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
დელის ქალაქის პოლიციის პრესსპიკერმა, სანჯაი ტიაგიმ განაცხადა, რომ აფეთქება Hyundai i20-ის მარკის ავტომობილში მოხდა. მან დასძინა, რომ ავტომობილი მოძრაობდა და მასში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
მანამდე მან დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამიტ შაჰმა ღამით დაადასტურა, რომ გამომძიებლები აფეთქების „ყველა შესაძლებლობას იკვლევენ“.
“ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიკვლევთ და ჩავატარებთ საფუძვლიან გამოძიებას, ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით. ყველა ვარიანტი დაუყოვნებლივ იქნება გამოკვლეული და შედეგებს საზოგადოებას წარვუდგენთ”,- განაცხადა მინისტრმა.
აფეთქების შემდეგ დელიში და მის შემოგარენში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ინდოეთის დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სატრანსპორტო კვანძებსა და ხალხმრავალ ადგილებში, პოლიციის რაოდენობა გაიზარდა.
როგორც ცნობილია, დელის ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე დელის მეტრო, წითელი ციხესიმაგრე და სამთავრობო შენობები ამჟამად საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დელიში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.