მამუკა არეშიძე: ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა – ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს დამატებითი შანსი გაუჩნდა
ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
როგორც ექსპერტი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს, ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს დამატებითი შანსი გაუჩნდა.
“ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ, რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა – ახალი გამოწვევები და რისკები გაჩნდა. ბაქოში ერდოღანის განცხადებას “ექვსეულის პლატფორმის” შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთი, ირანი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენის ისეთ განაწილებას ცდილობდნენ, რაც დასავლეთის აქტიურობას მაქსიმალურად შეზღუდავს. ერდოღანმა ძალიან კარგად იცის, რასაც ამბობს. ცოტა უკან რომ დავიხიოთ, პანთურანიზმის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ერდოღანი ამას უკვე წარმატებით ასხამს ხორცს. სხვათა შორის, ამას დასავლეთმაც შეუწყო ხელი, რადგან თავისი ინტერესი ჰქონდა, მერე კი, როცა მასაც შეუქმნა პრობლემები, ეს მისთვის მიუღებელი გახდა. ამ სამეულის კონფიგურაციას თუ დავაკვირდებით, ფაქტობრივად, ერთმანეთის ინტერესების მტრები არიან. რაც უნდა სიტუაციური კონტაქტები და თანამშრომლობა მოახერხონ, თურქეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის საკითხზე ვერასდროს მოილაპარაკებენ. რუსეთს შეუძლია, თურქეთის ამბიციები აიტანოს მაშინ, როცა თურქეთი ეჭიდავება დასავლეთს და მის მიმართ უკომპრომისო ხდება. აქ მოკავშირეები არიან, მაგრამ ყველა სხვა სივრცეში თურქეთი მიუღებელია კრემლისთვის, ისევე, როგორც ირანისთვის, რომელიც თვითონ მიიჩნევს თავს ისლამური სამყაროს ლიდერად. ახლა, რაც შეეხება ამ ექვსეულის პლატფორმას… ერთი შეხედვით, ეს ნიშნავს, რომ თურქეთსა და ირანს კავკასიაზე გავლენის საუკუნეების წინანდელი ტრადიციის აღდგენა უნდათ, რუსეთს კი თურქეთის მეშვეობით შავ ზღვაში დასავლეთის აქტიურობის დაბლოკვა სჭირდება. ერთი მოსაზრებით, ამ ინიციატივის რაღაც ნაწილი დასავლეთისთვისაც შეიძლება მოსაწონი იყოს – ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია და თუ აზერბაიჯანში გაჩნდება თურქული ბაზა, საითაც მიდის კიდეც საქმე, ეს ნატოს პირველი ბაზა იქნება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს, გასაოცარია, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს დამატებითი შანსი გაუჩნდა. საქმე ის არის, როცა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ყოველთვის ჩნდება შანსი, რომ შენი ინტერესების გათვალისწინებით პოლიტიკურად მომგებიანად ივაჭრო. სხვა საკითხია, შევძლებთ თუ არა ამას და გვეყოფა თუ არა ინტელექტუალური თუ დიპლომატიური რესურსი”, – აცხადებს არეშიძე.