დავით თვალაბეიშვილი: ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა
“ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გამართულ მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგსა და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის” ოფიციალური პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.
აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის” წარმოადგენს ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც საქართველო შეძლებს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მისაღწევად სწორი პოლიტიკის შემუშავებას. მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს: თანამედროვე, საიმედო ენერგოსერვისებზე წვდომას; ერთიან გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვან ზრდასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა დავით თვალაბეიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა „საქართველოსთვის მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის” სტრატეგიულ მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა დოკუმენტის შექმნის პროცესში მონაწილე მხარეებისადმი შეტანილი წვლილისთვის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლად ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმართულების გაძლიერება. „ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას და მაქსიმალურად გაზრდის განახლებადი ენერგიების წილს მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში, რაც თავის მხრივ ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებასაც მოახდენს”, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) აღმასრულებელი მდივნის მოადგილე – ქავეჰ ზაჰედი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – გოგიტა თოდრაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი – მაია მელიქიძე და სხვ.
ცნობისთვის, საქართველო აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სრულუფლებიანი წევრია 2000 წლის 25 ივლისიდან.