ჩაფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აფხაზური კულტურის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“გილოცავთ აფხაზური ენის დღეს. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია. ეს არის ჩემთვის უდიდესი და ამავდროულად უმძიმესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს მაშინ, როცა აფხაზური ენა იუნესკო-ს მიერ გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია შეტანილი. ჩემი პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ჩემს ყველა გამოსვლაში, სადაც ეს შესაძლებელია, ვცდილობ, ხაზი გავუსვა ამ საკითხს.
არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე არა მხოლოს სიტყვით, არამედ – საქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზრუნვა გამოიხატება სხვადასხვა ფორმით: საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსიის გამოცემით, ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსებით, ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც ახლა ვდგავარ, ამრას სახელი დაერქვა.
ჩემი და ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე კი არაა, არამედ აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება, ჩვენი ერთობლივი წარსულის, იდენტობის წინაშე მოვალეობაა. რამეთუ საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე დგას ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე, ამის დავიწყება ჩვენთვის საკუთარი თავის დავიწყების ტოლფასია. აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი. თუ მომავალზე გვაქვს სწორება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზრუნოთ აფხაზურენოვანი ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე, რამეთუ თანამედროვე მეცნიერება და ენათმეცნიერება ამას სასიცოცხლოდ მოითხოვს. მე მჯერა, რომ გამოწვევის წინაშე ჩვენი საზოგადოება შეძლებს საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას და ამით შევქმნით შერიგებისა და ერთობლივი მომავლის საწინდარს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა.