“ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, გასცდა ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეთიკურ ჩარჩოებს და თავისთავად წარმოადგენდა ეუთოს მიერ როტაციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეუთოს სახელის გამოყენებას იმისთვის, რომ მას საკუთარი პირადი გზავნილები გაეჟღერებინა საღამოს, ძალიან მცირერიცხოვან აქციაზე, სადაც მან პირდაპირ დაარღვია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.
აღნიშნულით ბითაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას გამოეხმაურა.
„საკუთარი კომპეტენციის დარღვევისთვის პირველ რიგში თვითონ უნდა გრძნობდეს უხერხულობას. ის, რაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ნოტის სახით გაიგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, ორგანიზაციებში და ქვეყნებში, ეს არის ადეკვატური რეაქცია, რაც საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ საქართველო არ აპირებს უკან დაიხიოს საკუთარი ინტერესების, კანონმდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. მაშინ როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და არა ეუთოს თავმჯდომარე, იმიტომ რომ მას მხოლოდ როტაციის გზით ჰქონდა ერთწლიანი ვადით ეს უფლებამოსილება მინიჭებული და ერთ თვეში უკვე შვეიცარიას გადაეცემა. ანუ ეს ქალბატონი ეუთოს არ წარმოადგენდა იმ მომენტში, სწორედ ამიტომ იყო, რომ ეუთოს პრესრელიზში არაფერი იყო ნათქვამი ამ დესტრუქციული და სამარცხვინო ქმედების შესახებ. გაგზავნილი ნოტა და ის რომ პრემიერმა მასთან შეხვედრა გააუქმა, კიდევ ერთი გზავნილია რომ საქართველო თავს აღიქვამს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, როგორც რეგიონული ორგანიზაციის სრულფასოვან წევრად და არავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ფეხით გათელოს არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.