კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობასა და კულტურის სხვადასხვა დარგში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
„საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და იტალიის საელჩოს შორის მჭიდრო ურთიერთობას, არქეოლოგიურ კვლევებსა და მომავალ კონფერენციას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოში იტალიური არქეოლოგიური პროექტების განხორციელების შედეგები. აღინიშნა გელათის ტაძრის მოზაიკის კონსერვაციის პროექტში იტალიელი ექსპერტების მნიშვნელოვანი როლიც.
საქართველოს კულტურის მინისტრმა ელჩს გააცნო ახალი პროექტი „Georgia Collection-ი“, რომლის მიზანი ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაა.
ყურადღება გამახვილდა ფლორენციასა და რომში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე, კინემატოგრაფიის მიმართულებით თანამშრომლობაზე.
თავის მხრივ, იტალიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების მეტად გასამყარებლად ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.