დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ – სახვითი და გამოყენებითი ფაკულტეტი ფერწერის სპეციალობით.
2012 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი. რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. არის მრავალი კონკურსის მონაწილე, მიღებული აქვს ჯილდოები.
მუშაობს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგიის ფონდის კურატორად. მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში და გარკვეული წვლილი შეაქვს მუზეუმის კოლექციების გამდიდრებაში.
1980 წელს გადაიღეს ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“. მის მიერ შესრულებული კურდღელას როლით თავი დაამახსოვრა მნახველს. – მსახიობის, მხატვრის და არქეოლოგის, ხათუნა სონღულაშვილის პერსონა.
– დავიბადე სოფელ დიღომში. ვიზრდებოდი თბილ გარემოში, სადაც უყვარდათ ხელოვნება. ხატვისადმი სიყვარული ღრმა ბავშობიდან გაჩნდა, როდესაც დედაჩემი, ბავშვით ხელში – გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმ „ფიროსმანში“, აღდგომის შესანიშნავი სცენაა, სადაც ულოცავენ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულს. მე, ვიჯექი იქვე ქვაზე მამასთან ერთად. მამამ მითხრა რომ ფიროსმანი იყო მხატვარი და მას ნიკალას ეძახდნენ. ამ დღიდან ფიროსმანი ჩემი ოჯახის წევრი გახდა.
– ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარეთ. რატომ ისტორია?
– მსახიობობა მინდოდა, როგორც ყველა გოგოს ბავშვობაში, სკოლის პერიოდში დიღმის სახალხო თეატრშიც ვმოღვაწეობდი, სადაც ბიძაჩემი – ფარსმან სონღულაშვილი იყო თეატრის რეჟისორი, მრავალ სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო, ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, ისტორიულზე ჩამებარებინა, რადგან სონღულაშვილების ოჯახში, ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ისტორიკოსი… საგვარეულო პროფესიაა…
წავედი ექსპედიციაში, აქაც ბიძაჩემია ეთნოგრაფიული ექსპედიციის ხელმძღვანელი – ჯუანშერ სონღულაშვილი. პირველი დღე ეთნოგრაფებთან ერთად მომიწია მთხრობლებთან წასვლამ. მეორე დღეს კი არქეოლოგებთან, პირდაპირ გვიანბრინჯაოს ხანის სამარხის პრეპარაცია გამაკეთებინეს! მერე მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა, არქეოლოგია, მსოფლიოში ყველაზე საინტერესო პროფესია.– დაამთავრეთ ასევე სახვითი და გამოყენებითი ფაკულტეტის ფერწერის სპეციალობით. რა შეგძინათ სტუდენტობის წლებმა?
– ვფიქრობ, ადამიანი სულ უნდა ვითარდებოდეს. დავამთავრე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, ისტორიულთან ერთად. როდესაც დავასრულე, მივხვდი, ეს არ იყო საკმარისი ჩემთვის და შემდეგ დავეუფლე ფერწერის სპეციალობას… ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი წლები.
– მაყურებელმა შეგიყვარათ კურდღელას როლით. რა იყო საინტერესო გადაღების დროს?
– ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ – ცალკე მოვლენაა ჩემი ცხოვრების. ფილმის რეჟისორები – გიორგი შენგელაია და მიშა ჭიაურელი (ჩემი ოჯახის ახლობელი ადამიანები) სულ მპირდებოდნენ, ფილმში უნდა გათამაშოთო, ერთხელაც დადგა ეს დრო. სკოლას ვამთავრებდი, როდესაც მიმიწვიეს კურდღელას როლზე. გავიცანი ჩვენი კინემატოგრაფიის ისეთი ბუმბერაზი ადამიანები, როგორებიც არიან: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ბერტა ხაფავა…
მოგეხსენებათ, კახეთში იყო გადაღება. სიყვარულის და პატივისცემის გამოსახატავად,ხშირად ეპატიჟებოდნენ საყვარელ მსახიობებს და რეჟისორებს საქეიფოდ, მე ხომ მარტო არ დამტოვებდნენ?! ამიტომ, მეც მათთან ერთად ვიყავი. ხომ იტყვიან, ქართული სუფრა დიდი აკადემიააო, მართლაც ასეთი განცდა მქონდა ამათ შემხედველს. სუფრას ორი თამადა ჰყავდა: გივი და კახი. ერთი იტყოდა სადღეგრძელოს, მეორე განავრცობდა და ა.შ.
ხშირად მიფიქრია ამ თემაზე, თუ რატომ არის პოპულარული ეს ფილმი, რატომ შეიყვარა მაყურებელმა ასე ძალიან? ისეა აწყობილი თითოეული კადრი თუ ეპიზოდი… ალბათ ამიტომ, რომ აქ პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.– აბსტრაქციები…
– ვიდრე სუფთა აბსტრაქციებს შევქმნიდი, მანამდე იყო აბსტრაქტული კომპოზიციები, უფრო ადრე, რაღაც სხვა…. ანუ, აბსტრაქციით არ დამიწყია ხატვა…ეს ის მომენტია, როცა კონკრეტიზაცია ვეღარ ამბობს შენს სათქმელს, ვერ გამოხატავ შენს გრძნობას, განწყობას…. მაშინ უკვე ტილოზე იღვრები ფერით, ხაზებით, წერტილებით…
– ფერები, გრძნობა და ფიქრი… წინასწარ იცით, რას დახატავთ?
– ვხატავ. ხანდახან მაქვს მოცემულობა რაღაცა თემის შესახებ, მინდა გავაკეთო, ვიწყებ, მერე უკვე თვითონაც არ იცი, საით წახვალ. ვმუშაობ, ვიდრე ჩემი „მე“ არ მივა რაღაც ისეთთან, რომ უნდა გაჩერდე, ანუ წერტილი დასვა… ეს, არ ვიცი, რა არის, ვიცი, რომ ის ემოცია დასრულდა! ხანდახან გგონია, დასრულდა, მაგრამ მერე რაღაც მოუსვენრობის გრძნობა გაქვს, მერე სულ აკეთებ, ან გადაწერ… რაღაც დროის გასვლის შემდეგ, აღმოაჩენ, რომ სულ ტყუილად გადაწერე, რადგან ცუდი, სულაც არ იყო…ხან როგორ, ხან როგორ..

– ეროვნულ მუზეუმში არქეოლოგიის კურატორად მუშაობთ. მონაწილეობთ ექსპედიციებში. სამეცნიერო ნაშრომებიც გაქვთ. მხატვრობა და არქეოლოგია?
– „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – გურამ რჩეულიშვილის სიტყვები მახსენდება სულ… ასე ვარ! ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე საინტერესო პროფესიაა, ხშირად მიწევს ექსპედიციებში წასვლა, კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო ნაშრომების წერა, იმიტომ რომ ვთვლი ეს ჩემი გასაკეთებელი საქმეა. ხატვას ჩემი საქმიანობა, სულაც არ უშლის ხელს, ნაკლები მძინავს! იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია.
– ფერადი სამყარო… ფერს რა დატვირთვა აქვს?
– ფერს დიდი დატვირთვა აქვს, როგორც ზოგადად სამყაროში, ასევე ჩემს შემოქმედებაში. ხშირად მეუბნებიან შენი ფერი – სხვა ლურჯია… მე ასე არ მგონია. არ ვერიდები ფერებით თამაშს, ექსპერიმენტებს… როცა აკადემიური განათლებით იცი, რა ფერთან რა დადო, აქსიომაა, დადე და ეგ არის! მაგრამ არ დადო ის ფერი და რაღაც სხვა, ანუ დაარღვიო ის გატკეპნილი და რამე ახალი თქვა, აი, ეს არის ჩემთვის საინტერესო. ამიტომ ვეძებ ფერს სამყაროში.

– გაქვთ ლითონზე შესრულებულ გრავიურებიც…
– ამ ზაფხულს მეგობრებთან ერთად ოზურგეთში შემოქმედებით მივლინებაში ვიყავი, სადაც ვისწავლე ოფორტის შექმნა. ეს ძალიან საინტერესო პროცესია! ვფიქრობ, ყველა მხატვარს უნდა ჰქონდეს მოსინჯული ამ ტექნიკაში თავი. სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ დაზგის ქონის ფუფუნება არ მაქვს.
– ერთი ნამუშევრის ისტორია...
– ყველა შექმნილ სურათს თავისი ისტორია მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით საინტერესო იყო „უფლისციხური მისტერიების“ შექმნა. თავდაპირველად ერთი ნახატის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ ამოვწურე თავი ამ თემაში, ამიტომ გავაგრძელე და 8 ნამუშევარი გამოვიდა. გაიმართა გამოფენები უფლისციხის მუზეუმსა და თბილისში, ხელოვნების მუზეუმში. მეამაყება, რომ ეს სურათები ხელოვნების მუზეუმშია დაცული.– ჰობი…
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მუზეუმებში ხეტიალი, აღმოჩენები.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 2 შვილი. ბავშვობაში ხატვით იყვნენ გატაცებული, თუმცა პროფესიად მხოლოდ დიანამ აირჩია მხატვრობა. ამ ბოლო დროს ვეღარ ხატავს, რადგან მალე დედა უნდა გახდეს. გუგას ტექნიკური განათლება აქვს. უყვარს მანქანები და მის დიზაინზე მუშაობა. მეუღლეს ხატვის სურვილი აქვს, მაგრამ მხოლოდ შეფასებებით შემოიფარგლება.– გამოფენები. ჯილდოები. სამომავლო გეგმები…
– გამოფენები… წელსაც უამრავ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, წლის დასაწყისში ათენში, საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც Megan ART gallery -ში მოეწყო. ჩვენს გამოფენას ესწრებოდა ჩვენი ელჩი და კონსულიც, ადგილობრივი მერია. თებერვალში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა ხელოვნების მუზეუმში – „უფლისციხური მისტერიები“. მარტში პერსონალური „არტ აქცენტების“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში… მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი მაინც ჩემი და ჩემი მეგობრების (ქ. კავილაძე, ლ. სარიშვილი) ორგანიზებით გამართულ გამოფენა -„კოლაბორაციას“ გამოვყოფ, რომელიც სექტემბერში მოვაწყვეთ Silk factor studio. ეს იყო 22 პროფესიონალი მხატვრის წარდგენა 3 ნამუშევრით ფართო აუდიტორიის წინაშე. გვყავდა ხელოვნებათმცოდნე ნ.გოგელია, რომელმაც ისაუბრა მხატვრებზე და მათ ხედვაზე.
მიმდინარეობს გრაფიკის გამოფენა, იგეგმება ოფორტების გამოფენა ოზურგეთში სურათების გალერეაში. იგეგმება საშობაო გამოფენები, სადაც აქტიურად იქნება ჩემი ჩართულობა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე თანამონაწილის ამპლუაში.
თამარ შაიშმელაშვილი