გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2025 წლის 11-12 ნოემბერს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.