მაია ბითაძე – ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ
“ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება,” – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
აღნიშნულით დეპუტატმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეაფასა, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოში FARA-ს კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვენ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვიწევს საერთაშორისო სამართლის მოშველიება და იმის აღნიშვნა, რომ უფრო და უფრო ხშირად გვაქვს საქმე საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობასთან. მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სახელმწიფოთა თანასწორობა, ვენეციის კომისია, რომლის ვალია სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, გადავიდა პოლიტიკური განცხადებების მომზადებაში. პრაქტიკულად ჩვენ ეს პირველად არ ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით. თქვენ გახსოვთ როგორი რუდუნებით ვემსახურებოდით ჩვენ ვენეციის კომისიას და საბოლოო ჯამში ჩვენ მათგან ვიღებდით აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან, დემოკრატიის საფუძვლებთან და თანასწორუფლებიანობასთან.
ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიამ პარადოქსული განცხადება გააკეთა, რომ თურმე FARA-ს მოქმედება აშშ-ში არის ნორმა და საქართველოში არ არის ნორმა. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება“,- აღნიშნა ბითაძემ.