მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან დამთვალიერებელს შეუძლია განახლებულ გარემოში გაეცნოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას.
მუზეუმი, 3-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით. შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20,000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს, ხოლო, კეთილმოწყობილი ეზო დამთვალიერებლებს სასიამოვნო ატმოსფეროში მასპინძლობს.
დღეს სახლ-მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ – შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა – თიკა რუხაძემ და დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ დღეს საზეიმოდ გახსნეს.
„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსგავსი სივრცეები ქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი მერის მოადგილეებმა: ანდრია ბასილაიამ და კახა აბულაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა – ირაკლი გვილავამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა – გიგა დაიაურმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა – დავით კირკიტაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს.
მუზეუმი, რომელიც 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და ოლღა დემურია-კოსტავას მხარდაჭერით დაარსდა, დღეს წარმოადგენს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის მნიშვნელოვან ცენტრს და რჩება ეროვნული ერთიანობისა და თავისუფლების იდეალების სიმბოლოდ — ადგილად, სადაც ისტორია ცოცხლდება და შთაგონებას აძლევს მომავალ თაობებს.
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი ყოველდღე, 10:00 – 18:00, ღიაა დამთვალიერებლისთვის.
მისამართი: მ.ზანდუკელის №1.