გოდერძი ჩოხელი – ჯერ კიდევ დაფარული და აღმოუჩენელი საბადო…
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 66 წლის გახდებოდა… გოდერძი ჩოხელი საქართველოს ღვთიური საჩუქარია, რომელმაც ადამიანთა შორის დანდობა და სიბრალული იქადაგა. მისი წიგნები და კინემატოგრაფი ძალზე უცნაურად აღმოცენდა, თითქოს სულზე მოუსწრო უჟამო ჟამისგან ძლეულ და გაწამებულ ადამიანს, რათა დიდ ტყუილში თავჩარგულსა და თანამონაწილეს, ასე უსახურად და ნაცრისფრად არ ჩამოელია თავისი წილი წუთისოფელი.
გოდერძი ჩოხელმა საამქვეყნო დანიშნულება სულ სხვაგვარად დაანახა ადამიანებს, სიკეთისა და თანაგრძნობის გარეშე ყველაფერი კარგავს აზრს, რაც უნდა დიად მიზანს ისახავდეს კაცობრიობა. ამიტომაც არის გოდერძი ჩოხელი ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო ფართოდ საცნობი ხელოვანი. ღირებულებები, რასაც იგი ამკვიდრებს, როგორც ვხედავთ, გაცილებით გამძლე აღმოჩნდა და შეუძლია მშველელად და საკურნებლად წაადგეს თანამედროვე სამყაროს.
გოდერძი ჩოხელი ქართველებისთვის უძვირფასესი სახელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მისი სახლ-მუზეუმი სოფელ ჩოხში, რამდენიმე ნაწარმოები თარგმინლია კლასიკურ ენებზე, და მაინც, ეს ძალიან ცოტაა ისეთი დიდი ხელოვანისთვის, როგორიც გოდერძი ჩოხელია. საჭიროა ითარგმნოს მთელი მისი პროზა, ასევე უნდა მომზადდეს მისი თექვსმეტივე ფილმი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საჩვენებლად. საჭიროა, გაიმართოს ამ დიდი ჰუმანისტისა და მოაზროვნის საერთაშორისო ჩვენებები. მისი „უცხო შვილები“ დღეს ყველაზე საჭირო კინოპოემა მგონია, რომელსაც შესწევს ძალა გაავებული სამყაროს დასაცხრობად.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქართული კულტურის გასაცნობად არაერთი ნაბიჯი იდგმება და ამ ხმაურში თითქმის ჩაიყლაპა გოდერძი ჩოხელი. სამწუხაროდ, იგი ჯერ კიდევ დაფარულ და აღმოუჩენელ საბადოდ რჩება მსოფლიოსთვის. არადა, ეს სწორედ იმგვარი სასწაულია, რომელსაც შეუძლია საქართველოსკენ მოაქციოს მსოფლიოს მზერა.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან