„ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი დაფუძნდება“

ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის – ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი: ,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მივულოცო ქართული ტრადიციული კულტურის, ქართული სიმღერისა და ცეკვის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ადამიანს, დიდ ლოტბარს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბატონი ჯემალ ჭკუასელი უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციის მქონე ანსამბლ „ერისიონს“ წარმატებით ხელმძღვანელობს.
მინდა ერთი სასიხარულო ამბავი გამცნოთ: სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მიერ, 2021 წელს, ქალაქ ოზურგეთში დაფუძნდება ბატონ ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი – ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან. კონკურსი-ფესტივალის გამარჯვებულს ჟიურის მიერ მიენიჭება ლაურეატის წოდება.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგება ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებმაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და საზოგადოების სულიერ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს“.
ჯემალ ჭკუასელის იუბილეს ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა: ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა, ასევე გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ჯემალ ჭკუასელის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია. სპეციალურად ამ დღისთვის ფოლკლორის ცენტრმა მოიძია და წარმოადგინა ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეომასალები. საიუბილეო საღამოზე ანსამბლებმა „ერისიონმა“ და „რუსთავმა“ რამდენიმე სიმღერა და ცეკვა შეასრულეს.
უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციის მქონე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ წელს 135 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში ერთი თვის განმავლობაში გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის მიერ ანსამბლისთვის შექმნილი სასცენო კოსტიუმები და წარმოდგენილი იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ერისიონის“ გასტროლების ამსახველი აფიშები, ასევე „ოქროს დისკი“, რომელიც ანსამბლს 2002 წელს პარიზში გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები