პროკურორი: ტატიაშვილსა და ჟვანიას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული, ისინი მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხელენ

“გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასაკითხი ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„წარმოდგენილი გვყავს ექსპერტები როგორც სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდან, ასევე – დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში და გაცემული აქვს დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა და მექანიზმი, ამ მექანიზმით დადგინდა, რომ დაკავებულებს ჩადენილი აქვთ ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, გამოძახებულია გიგა ტატიაშვილი, მან გამოთქვა სურვილი და მისცემს სასამართლოს ჩვენებას. გამოძახებულია ასევე ნიკა ჟვანია, თუმცა, არ ვიცით, მისცემს თუ არა ის ჩვენებას. აღნიშნულ პირებს გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვთ მნიშვნელოვანი ჩვენება და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. რაც შეეხება ტატიაშვილს, მას სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები. სწორედ ამ საკითხებზე დავუსვამთ მხარეები კითხვებს”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები