საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე ქართულ დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანელ კოლეგას შორის შედგა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე. სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანულ მხარესთან მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა არსებული პარტნიორული კავშირები კიდევ უფრო გაფართოვდეს. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის მეზობელი რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და გამოხატეს მზაობა ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.

შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისა და პროდუქტიული შეხვედრისთვის. თავის მხრივ, ვილაიათ ეივაზოვმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარე ყოველთვის მიესალმება ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები