ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა – 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში 726 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსის დამარცხება სულ 192-მა პირმა შეძლო.

გუდაუთის საავადმყოფოში 66 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის – საშუალო სიმძიმის.

ასევე, ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსს 7 პაციენტი ემსხვერპლა.

შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 14 სექტემბრიდან ე.წ. რესპუბლიკაში ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა, დამატებით მომზადდა კოვიდინფიცირებულთათვის საწოლები.

ასევე, ე.წ.ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს სოჭის კოვიდცენტრის იმედიც უნდა ჰქონდეს, სადაც 300-საწოლიანი სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელშიც აფხაზ მოქალაქეებსა და ტურისტებს მიიღებენ. მისი თქმით, ამჟამად, სოჭში სამკურნალოდ მხოლოდ 5 პაციენტია გაგზავნილი.

ე.წ. მინისტრის ინფორმაციითვე, გუდაუთის საავადმყოფოში 125 ექიმია მობილიზებული.

“ამას გარდა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთში 8-კაციანი, რუსი ექიმების ბრიგადა მუშაობს, მათგან 2 რეანიმატოლოგია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები