სახალხო დამცველმა პრემიერმინისტრს წერილობით მიმართა
“სახალხო დამცველმა ბიზნესსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრს წერილობით მიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“2020 წლის 17 ივლისს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების და სხვა ბიზნესსაწარმოების საკითხების შესახებ გაერო-ს სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილობით მიმართა.
სახალხო დამცველი წერილში წუხილს გამოთქვამს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით, ვინაიდან, მიუხედავად განხორციელებული რიგი ღონისძიებებისა, სხვადასხვა უწყებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული არაერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, უწყებების მხრიდან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შეუსრულებლობა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი სცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.
სახალხო დამცველმა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით შეუსრულებელი აქტივობების, მომავალი სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მიმდინარე პროცესის მიზნებისთვის, პრემიერმინისტრს შემდეგი მოსაზრებები/რეკომენდაციები წარუდგინა:
მნიშვნელოვანია, შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა სამოქმედო გეგმის ვადის დასრულებამდე განახორციელონ ნაკისრი ღონისძიებები
მომავალი გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინოს, რომ მოქმედი სამთავრობო გეგმა სრულად არ ფარავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებითა და ეროვნული საბაზისო კვლევით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ქმედითი ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით კომპანიებისათვის სამართლებრივი რისკების ეფექტიანი შეფასების (Due Diligence) ვალდებულების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით დოკუმენტი მხოლოდ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის ვალდებულებაზე მიუთითებს (ამოცანა 25.1.27).
სახალხო დამცველმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში და სათანადო რეკომენდაციები/წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროს მიკუთვნებული გამოწვევების შესწავლასა და მათთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას. მათ შორის, მოცემულ ეტაპზე, აპარატი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც მიმოიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობასა და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.