ჩინეთში მსოფლიოში პირველ „ორსულ“ რობოტს ქმნიან

ჩინელი მეცნიერები მუშაობენ ჰუმანოიდური რობოტის შექმნაზე, რომელსაც ხელოვნური საშვილოსნო ექნება და ბავშვის მუცლად ტარება და მშობიარობა შეეძლება. პროტოტიპის წარდგენა  2026 წელს იგეგმება. ასეთი რობოტის ფასი, დაახლოებით, 100 ათას იუანს (დაახლოებით, 12 ათას ევროს) შეიძლება შეადგენდეს, – წერს გამოცემა Chosun Ilbo.

პროექტზე მუშაობს ჯან ციფენი, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, საუბარია არა ინკუბატორზე, არამედ რობოტზე, რომელსაც შეეძლება მთელი პროცესის გამეორება — ჩასახვიდან მშობიარობამდე. მუცლის ღრუში განთავსდება ხელოვნური საშვილოსნო, რომელიც სავსე იქნება ნაყოფის წყლებით, ხოლო ემბრიონს საკვებს სპეციალური მილი მიაწოდებს.

„ხელოვნური საშვილოსნოს ტექნოლოგია უკვე მზად არის, ახლა საჭიროა მისი ინტეგრირება რობოტში, რათა მან შეძლოს ადამიანთან ურთიერთქმედება და ორსულობის უზრუნველყოფა,“ – განმარტა ციფენმა. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, როგორ მოხდება განაყოფიერება და ემბრიონის იმპლანტაცია.

კონტექსტი ამ პროექტს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის: ჩინეთში უნაყოფობის დონე იზრდება. ჟურნალ Lancet-ის მონაცემებით, თუ 2007 წელს უნაყოფობის მაჩვენებელი 11,9% იყო, 2020 წლისთვის 18%-ს მიაღწია. რიგ რეგიონებში, მათ შორის, პეკინში, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე შეტანილია სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში.

„ორსული რობოტის“ შექმნა მიზნად ისახავს მეცნიერებისთვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენას უნაყოფობასთან ბრძოლის პროცესში, თუმცა ის უამრავ ეთიკურ შეკითხვასაც აჩენს — დაწყებული დედის როლიდან, დასრულებული ადამიანის ცხოვრებაში ტექნოლოგიური ჩარევის საზღვრებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები