დათო კოდუა: ზუგდიდი ხიდია ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მისია ჩვენ გვერგო და ეს მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივთან შეხვედრით დაიწყო. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საარჩევნო კამპანიის გახსნა ჩვენი გუნდის მთავარ ბირთვთან შეხვედრით დავიწყეთ. ამ ადამიანებთან ერთად წლებია მოვდივარ და ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მადლობა თითოეულს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის!

ზუგდიდი ჩემთვის მშობლიური მუნიციპალიტეტია და მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს. ამიტომაც, ჩემი მერობის პერიოდში მაქსიმუმს ჩავდებ ჩემი ზუგდიდისა და ზუგდიდელების კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კოდუამ.

დათო კოდუამ მისი მერობის პერიოდში მთავარ მიმართულებებზე და მუშაობის სტილზე ისაუბრა:

„კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, საქმის ერთგულება, პროფესიონალური მიდგომები ყველა სფეროში, მაქსიმალური გამჭვირვალობა, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა; ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების მაქსიმალური მხარდაჭერა – ეს იქნება ჩემი მერობის მთავარი მიმართულებები.

ჩვენ წარმოგიდგენთ თვისობრივად განახლებული ზუგდიდის პროგრამას, რომელშიც სფეროების მიხედვით ჩვენს ხედვებსა და რეალურ გეგმებს წარმოვაჩენთ.

ზუგდიდს თავის რამდენიმე განსაკუთრებულ როლთან ერთად აქვს მთავარი როლი – ზუგდიდი ხიდია ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მისია ჩვენ გვერგო და ეს მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული“, – აღნიშნა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები