“ORF Nachrichten”: საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია

ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა “ORF Nachrichten” სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებით გარშემორტყმული სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფო ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომლებმაც ​ქვეყნის მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშეს ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს ჯარიმები ეკისრებოდა. ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა.

ავტორი ყურადღებას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც უთმობს და წერს, რომ ის ღვთისმსახურებას კარანტინის დროსაც აგრძელებდა. სტატიის დასასრულს კი ნათქვამია, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღების აღდგენას 1-ლი ივლისიდან გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა გადაიწია, რადგან ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები