საქართველოს მთავრობის დახმარებით აფრიკაში 92 მეზღვაურის როტაცია განხორციელდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის ძალისხმევით 51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გემებზე დასაქმდებიან. ისინი შეცვლიან სხვა ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდნენ აღნიშნულ ხომალდებზე. ჩარტერული რეისით, რომლითაც ქართველო მეზღვაურები ტოგოში გაემგზავრნენ, საქართველოში 41 მეზღვაური დაბრუნდა, რომელთა შორისაც 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად გამოაცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.
სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, “საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ფაქტიურად უნიკალური ოპერაციის განხორციელება – ორგანიზება გაეწია ლომეს პორტში 4 კომპანიის 7 გემზე 92 მეზღვაურის როტაციას”.
“საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით უკვე მე-3 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა აფრიკის მიმართულებით, რომელიც როტაციის თვალსაზრისით რთულ გეოგრაფიულ რეგიონად ითვლება. ამჯერად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს  და კომპანიების: Oceangold Tankers Inc., Lotus Shiping Company Limited, El Victor-სა და Queensway Navigation Co. LTD-ს ორგანიზებით დაინიშნა სპეციალური ავიარეისი თბილისი-ლომე-თბილისი, რომელიც ავიაკომპანიამ “Myway Airlines” განახორციელა”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
თბილისის სახელმწიფო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მეზღვაურები სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომფორტული ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში, სადაც ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი საქართველოს მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები