ნინო წილოსანი: ყველა რეგულაციისა და პირობის გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში კარგად შენარჩუნებული ეპიდმდგომარეობის ამავე სტატუსით დატოვებას

„ვხვდებით, რომ მგზავრებსა და ტურისტებს სჭირდებათ სათანადო, ასევე, კომფორტული პირობების შექმნა. აღნიშნული ხუთი ქვეყანა შეირჩა სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებში არის კარგი ეპიდსიტუაცია და, შესაბამისად, ამ ქვეყნებს გახსნილი აქვს ჩვენთანაც უპირობოდ საზღვრები”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, ტურისტების საქართველოში ყოფნის პერიოდში სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრი იმოქმედებს, რომელიც, ყველა სხვა რეგულაციასთან ერთად, მუდმივ კავშირზე იქნება და მაქსიმალურად გადააზღვევს სხვადასხვა რისკს. მისივე განცხადებით, ყველა ამ რეგულაციისა  და პირობის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება ქვეყანაში კარგად შენარჩუნებული ეპიდმდგომარეობის ამავე სტატუსით დატოვება.

ნინო წილოსანის განმარტებით, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ ეკონომიკის ყველა სხვა დანარჩენი მიმართულებების შესანარჩუნებლად ადამიანებს ბიზნესვიზიტებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეეძლებათ მოგზაურობა, თუმცა, ისინი „პისიარ” ტესტებს ან 14-დღიან კარანტინს თავიანთი ხარჯებით აანაზღაურებენ.

„რაც შეეხება იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ჩვენი ინიციატივები, რა თქმა უნდა, ამ ალბათობას ვუშვებთ, რომ ყოველთვის იქნებიან ოპოზიციის ის წარმოდგენები, რომელთათვისაც, რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა ფაქტობრივ გარემოებებსა და იმ სტატუსს, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მათი მხრიდან ბუნებრივია და ლოგიკურია თუმცა, ასევე, ბუნებრივი და ლოგიკური იქნება ის შედეგი, რომელსაც მივიღებთ და ის მოტივაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს – რომ, ერთი მხრივ, გავხსნათ ქვეყანა, ხელი შევუწყოთ ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას და, გარკვეულწილად, ახალი შესაძლებლობად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. მეორე მხრივ,  ეს იყოს ქვეყანაში ჯანმრთელობისა და ეპიდსიტუაციის რეგულაციის საშუალება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები