სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ხოლო ორი მათგანი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.