“უამრავ ცდუნებას ქალაქიდან სოფელში გამოვექეცი და ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე” – 25 წლის ფერმერი შქმერიდან

მიშო დაუშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა თემქაზე დაამთავრა. 23 წლამდე დედაქალაქში თავის დამკვიდრება სცადა, თუმცა თითქმის არაფერი გამოუვიდა და ონში, მაღალმთიან შქმერში, საკუთარ სახლს დაუბრუნდა.

სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 1725 მეტრზე მდებარეობს, ზამთრობით მხოლოდ 4 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მიშოა. ახალგაზრდა ბიჭმა მესაქონლეობა წამოიწყო და საკუთარი მეურნეობა გამართა – „ ქალაქიდან უამრავ ცდუნებას შქმერში გამოვექეცი, არ მინდოდა, ცხოვრების სწორი გზიდან გადამეხვია. იქ შრომობ, შრომობ და არაფერი გაქვს, აქ კი სხვაგვარადაა. თავიდან 2 ძროხით დავიწყე,ახლა უკვე ბევრი მყავს, მერე ღორები შევიძინე, ისიც მოვაშენე. ვხვდები, რომ კარგი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე“,-გვეუბნება 25 წლის ფერმერი.

პროდუქციის რეალიზაცია მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამბობს, რომ ბაზარი თავად არ უძებნია და მისი პროდუქციის შეძენის მსურველები თავისით გამოჩნდნენ- „ძირითადად რძის ნაწარმს-რძეს, ყველს და კარაქს ვყიდი. ზოგჯერ ხორცსაც. კლიენტი იმდენი მყავს, ვერ ავუდივარ“.

მიშო, სამი წელია რაც რაჭაში დაბრუნდა. ამ დრომდე არანაირი სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია და არც არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში უცდია ბედი. ამას მომავალში გეგმავს. უნდა, საკუთარი მძლავრი საწარმო ჰქონდეს –„ ამ დრომდე მხოლოდ საჩუქრები მივიღე. მაგალითად, სათიბელა – „ჯიპისი“ ჯგუფმა მაჩუქა, საწველი აპარატი – მაღაზია „ბაუმმა“ და აი, ახლა ველოდები ლექსო ჩარკვიანს- ადამიანს, რომელიც მიტოვებულ სახლებში ადამიანებს აბრუნებს. მას ჩემთვის საჩუქრად მცირე ამწეობის ავტომობილი მოაქვს “,-გვითხრა მიშომ.

ადგილზე ჩასულმა ლექსო ჩარკვიანმა „რეგიონულ კვირას“ სასაჩუქრე მანქანის ისტორიაც უამბო. მისი თქმით, როცა სოციალურ ქსელებში ვიდეოკლიპი ნახა, ამ ბიჭის საქმიანობა კარგად შეისწავლა. შემდეგ კი ფეისბუქ გვერდზე კამპანია წამოიწყო, სადაც მიშოსთვის მანქანის შესაძენად მეგობრებს მოუწოდა, დახმარებოდნენ-„ როცა მიშოს საქმეს გავეცანი, „სიტყვა დავასველე“ და ჩემს ვირტუალურ მეგობრებს დახმარებისკენ მოვუწოდე. მინდოდა, ამ ბიჭისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და შრომა შემემსუბუქებინა. მანქანის ყიდვაში 271-მა ფეისბუქ მეგობარმა შეიტანა წვლილი. მირიცხავდნენ ლარს, ლარნახევარს, ორლარნახევარს, ას დოლარსაც და ფულიც შეგროვდა. მანქანა იაპონიიდან გამოვწერე და აი, დღეს თქვენც ხედავთ რა სიხარული გვაქვს“.

ახალგაზრდა ფერმერი სოფლის მიტოვებას აღარ აპირებს -„საკუთარ კაპიტალს რომ დავაგროვებ, აქ დავრჩები და სხვა საქმეს წამოვიწყებ“,- უთხრა მიშო დაუშვილმა “რეგიონულ კვირას” დამშვიდობებისას.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები