რამაზ საყვარელიძე: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია “ნაცმოძრაობა” და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც, ამიტომაც მეეჭვება, რაიმე შედეგი მიიღონ
“რისთვის აპირებს ოპოზიციური ერთობა ბრძოლას? მათი განცხადებების თანახმად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოიშორონ. არ უთქვამთ, ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს, უფრო მეტი ჯანმრთელი მოქალაქე გვყავდეს, და ა.შ. მხოლოდ ერთი კაცის მოშორება აქვთ მიზნად”,- ამის შესახებ პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობისგან”, საზოგადოების ნაწილი კვლავ საფრთხეს ელის.
“ქართული ოცნებისთვის” აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი, რომელთა შენარჩუნებასაც ეს პოლიტიკური ძალა დიდწილად ვერ ახერხებს. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს მისაღები მათი სია, მას დიდი ინტერესით დააკვირდებიან დასავლეთიდანაც. დღესდღეობით პარლამენტში დასავლეთთან მოლაპარაკე ორიოდე დეპუტატი თუ შერჩა “ოცნებას”, რაც პრობლემაა. შესაბამისად, სიის შედგენისას მოუწევთ ამაზე დაფიქრება. ახალი სახეების საზოგადოებისთვის გასაცნობად, მით უფრო, თუ სექტემბრამდე არ აპირებენ სიის გახმაურებას, ძალიან ცოტა დრო ექნებათ და ესეც უნდა გაითვალისწინონ… გახარიას, როგორც პრემიერს, თავისი გუნდი არა ჰყავს – მიღებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს თავისი კვოტა სიაში. არ ვიცი, თავად გახარია რამდენად მოიკლავს თავს, რომ ეს კვოტა დიდი იყოს. მას მთავრობის გადახალისებაც არ უცდია საკუთარი ინტერესებით. რაც შეეხება კალაძეს, მას ნამდვილად აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი ხალხი პარლამენტში. ვნახოთ, იმედია, ეს კვოტების ჭიდილი მათთვის მშვიდობიანად დასრულდება.
რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, რისთვის აპირებს ეს ერთობა ბრძოლას? მათი განცხადებების თანახმად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოიშორონ. არ უთქვამთ, ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს, უფრო მეტი ჯანმრთელი მოქალაქე გვყავდეს, უცხოეთთან უკეთესად დავალაგოთ ურთიერთობაო და ა.შ. მხოლოდ ერთი კაცის მოშორება აქვთ მიზნად. ხანდახან ეს მიდგომა ამართლებს… ამათ არანაირი პოზიტიური ლოზუნგი არა აქვთ, თანაც დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა – ჯერ ერთი, ეს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ხელისუფლებასავით მორყეული, მეორეც, საზოგადოების პოლიტიკური გემოვნებაც დაიხვეწა – ვეღარ დაარწმუნებ ხალხს ივანიშვილის გადადგომისთვის შექმნილი ერთიანობის სიკეთეში, როდესაც ამ ერთობის მთავარი მოთამაშე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომლისგანაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საფრთხეს ელის. საზოგადოების ამ განწყობას პოზიტიური დღის წესრიგით უნდა დაუპირისპირდნენ, რაც არ ჩანს.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა” და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამიტომაც მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ. გარდა ამისა, ოპოზიციური ხმები შეთანხმების შემთხვევაშიც კი გაიყოფა, რადგან “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი” დამოუკიდებლად აპირებენ მაჟორიტარების წარდგენას… რას მოუტანდა “ლელოს” ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში ყოფნა? არც არაფერს, რადგან ეს რევანშის ოპოზიციაა. “ლელო” პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს. ვნახოთ, არჩევნებამდე შეძლებენ თუ არა ამ ყველაფრის ამომრჩევლამდე მიტანას და დარწმუნებას. მე მაინც მგონია, რომ “ლელოს” მომავალ პარლამენტში ვიხილავთ… დღევანდელი ვითარებით, “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, განწირულია გამარჯვებისთვის, რადგან მისი ალტერნატივა ქვეყანაში მასზე უარესია. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც ასე იბრძოდა ოპოზიცია, სავარაუდოდ, ისევ მმართველ ძალაზე იმუშავებს”, – განმარტავს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე – “რატომ გადაწყვიტა რუსეთმა მორიგი კამპანიის წამოწყება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის…” – პასუხობს – “რუსეთისთვის დიდი დარტყმაა, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მსხვერპლის მიხედვით რუსეთში მძიმე ვითარებაა”.
“რუსეთისთვის დიდი დარტყმაა, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მსხვერპლის მიხედვით მძიმე ვითარებაა რუსეთში, საქართველოში კი, არა. თანაც კრემლს, როგორც ჩანს, მოსახლეობის ყურადღების რაღაც სხვა საფრთხეზე გადატანა სურს და ასეთად დასახა ლუგარის ლაბორატორია. ამასთან, ლუგარზე დარტყმით ცდილობენ აშშ-საც მიაყენონ ზიანი, მაგალითად, ამ ქვეყანას დაუკავშირონ ხელოვნურად შექმნილი ვირუსების საფრთხე და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლაა, რაც კვლავაც გაგრძელდება, ალბათ, თუმცა მეეჭვება ამას უახლოეს მომავალში სერიოზული გართულება მოჰყვეს”, -განაცხადა საყვარელიძემ.