„ექიმების ეკიპირება   ძვირი  ჯდება“ –  კორონავირუსის  გამო სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგა. საქმიანობას ის კლინიკები აგრძელებენ, რომლებმაც სპეციალურად დადგენილი  ნორმების დაკმაყოფილება შეძლეს.

კლინიკების დიდმა  ნაწილმა   მომსახურება  გააძვირა.  პაციენტებს ექიმების ეკიპირების ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც,  საშუალოდ,  20-30 ლარს შეადგენს.

მედიაჰოლდინგი „კვირა“  “სტომატოლოგთა ასოციაციის” პრეზიდენტს,  ქეთევან  გოგილაშვილს ესაუბრა. 

„რომელი კლინიკაც გაიხსნა, სავარაუდოდ, ყველგან ასე უნდა იყოს. ესაა დამატებითი ხარჯი, რომლითაც კოვიდ 19-ის პრევენცია ხდება. მომატებული თანხა ამ ეტაპზე  ეკიპირების თანხაა.

სტომატოლოგები, სტომატოლოგიური  კლინიკები  დამოკიდებულები არიან  მომწოდებელზე.  ჩვენ ყველაფერს ვიყიდულობთ:   ინდივიდურ დაცვის საშუალებებს,  აპარატურას, მასალებს.  თუ მომწოდებლები ფასებს გაზრდიან, ჩვენც  შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამ ეტაპზე, ეკიპირების თანხა ძვირი  ჯდება. აქ არის ისეთი რესპირატორები, წყალგაუმტარი ხალათები, რომლებიც ადრე ყოველთვის არ გვჭირდებოდა. ჩვენთან რადგან აეროზოლური, მაღალი რისკის საქმიანობაა,    ინდივიდუალური დაცვის   საშუალებები გვჭირდება, რომლებიც მომწოდებელმა ძვირად მოგვიტანა. ეკიპირების საშუალებები  ყველაფერი ერთჯერადია,    გარდა სათვალისა და ფარისა, რომელიც ყოველ პაციენტთან მუშაობის  შემდეგ ირეცხება და დეზინფექცია უტარდება.

კონკურენციაა ბაზარზე, არ გამოვრიცხავ,  შემოიტანონ და ფასებმა   დაიწიოს. თუ ფასები დაიწევს, შესაბამისად, ეკიპირების თანხაც დაიწევს. სხვადასხვა კლინიკას თავად აქვს გადასაწყვეტი, 20 ლარს მოუმატებს, 30 ლარს, თუ რას“, – განაცხადა ქეთევან  გოგილაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით,  გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში   279 შეტყობინება შევიდა,  191 ობიექტი შემოწმდა, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური კლინიკებისთვის  ახალი რეკომენდაციებია    დადგენილი. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად,   Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება  დაწესებულებაში შესვლისთანავე უნდა დაიწყოს. დაწესებულებაში უნდა იყოს: დისტანციური თერმომეტრი, პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი, ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ  კაბინეტში, საპირფარეშოებში. ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის, ხელის სადეზინფექციო საშუალებები პაციენტებისთვის, თხევადი საპნის დისპენსერები ხელსაბანებთან.

გაიდლაინის თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს სტომატოლოგიური პერსონალისთვის შემდეგი დაცვის ინდივიდური  საშუალებები უნდა ჰქონდეს:  N95, ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სამედიცინო ნიღაბი, თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე, არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები, ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები, ჩაჩი (სამედიცინო ქუდი), ერთჯერადი გამოყენების ინდივიდური დაცვის საშუალებების  ორი კვირის სამყოფი მარაგი.  ინდივიდუალური დაცვის საშუალებები პაციენტისთვის:  ბახილები, სამედიცინო ნიღაბი,  დამცავი სათვალე. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს – აქ ჩამონათვალი ასეთია: ხელსაბანი ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშო, ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის 4-მეტრიანი დისტანცია, საკმარისი სივრცე მიმღებში/მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვისა და  ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენში) მომუშავე პერსონალის  დაცვისთვის უნდა იყოს:  რეგისტრატურასთან  მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, სახის ფარი, სამედიცინო ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანი.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები