გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლის მოადგილე: ჩვენი მიწა არ იყიდება

უკრაინა მზადყოფნას აცხადებს, კონსტრუქციულად ჩაერთოს იმ სამშვიდობო ინიციატივის განხილვაში, რომლის პროექტიც ქვეყანამ აშშ-ის მხრიდან მიიღო.

როგორც გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა გაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტში რიგი „წითელი ხაზებია“ გამოკვეთილი, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება.

გაიოვიშინის თქმით, კიევი მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც “ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის” მიღწევას ისახავს მიზნად, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრებისა და სუვერენული გადაწყვეტილებების პატივისცემა სამშვიდობო პროცესის შეუვალი პირობაა.

“ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია. არასდროს ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიას, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც რუსეთის ტერიტორიას. ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დათანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების ზომისა და შესაძლებლობების შეზღუდვას”, – აღნიშნა კრისტინა გაიოვიშინმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის მოწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი, მიიღოს რეზოლუცია სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. ამასთან, მისივე განცხადებით, უკრაინა განაგრძობს პარტნიორებთან კონსულტაციებს და მზად არის იმუშაოს იმ ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას და აგრესიის შედეგების აღმოფხვრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები