შალვა პაპუაშვილი: არანაირი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება
არანაირი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პაპუაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაში გარე ძალების ჩართულობაზეც საუბრობს.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის სხვადასხვა პროცესს რომ ვაკვირდებით რეგიონში და მათ შორის ისტორიიდან, ეს ხელისგულზე დევს. უფრო მეტიც, ამ დღეებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თქვენ თუ დააკვირდით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვა პარტიების მხრიდან, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან დიდი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ვინ აალაპარაკეს? უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეოები. გამოვიდა ორი, სამი უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეო და რას ჰქვია სამხრეთ ოსეთი რატომ არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. აქაც გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიიღეს დავალება ამ თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ამდენი ხანი ეს საკითხი გამოგვყვა, უცხოეთიდან დაქირავებული ენჯეოების რეაქციებიც აჩვენებს, რომ ამასაც სჭირდებოდა ხელისუფლება ყოფილიყო ძლიერი საკმარისად, რომ ხმა ვერ ამოეღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.