შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე: დღევანდელი ბრიუსელის ხელში გამორიცხული არაფერია
როგორც შუბლის ძარღვის გაწყვეტა არის ადამიანში, ასე არის სახელმწიფოში და ორგანიზაციაში, როდესაც ერთხელ საერთაშორისო სამართალს დაარღვევ, შემდეგ ადვილად მიდის ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, იმ ფონზე, როდესაც გამარტივდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესები, თუ ელოდება წლის ბოლოს გადაწყვეტილებას თუნდაც გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რაზეც მიდის ბოლო დროს საუბარი.
„არაფერი გამორიცხული არ არის დღევანდელი ბრიუსელის ხელში. როდესაც ღირებულებებს ასცდები და პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი იქნები ხალხების მიმართ, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. საბჭოთა მოსკოვი ხომ ამიტომაც იყო მათ შორის საშიში, რომ იყო პოლიტიკური ინტერესი, რომელსაც გაატარებდა?! ასე რომ, რას გააკეთებს დღეს საკავშირო ხელისუფლება, წინასწარ პროგნოზირება რთულია. ადვილია დემოკრატიის პროგნოზირება, როდესაც კანონის უზენაესობას ივიწყებს ბრიუსელი. მან ერთი დანაშაული უკვე ჩაიდინა ამ მხრივ, როდესაც დიპლომატიური პასპორტებისთვის გააუქმა უვიზო მიმოსვლა. ამით მათ საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წელს იყო დადებული. დღესაც რომ ჰკითხოთ ევროკავშირის ელჩს, იმ ხელშეკრულების რომელ პუნქტზე დაყრდნობით გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ არსებობს. ეს არის თვითნებობა. როგორც შუბლის ძარღვის გაწყვეტა არის ადამიანში, ასე არის სახელმწიფოში და ორგანიზაციაში, როდესაც ერთხელ საერთაშორისო სამართალს დაარღვევ, შემდეგ ადვილად მიდის ყველაფერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.