შალვა პაპუაშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს, რომ საქართველოს საზღვრებს შიგნით გამოხატონ ნება და გაათავისუფლოს წნეხისგან, რომელიც კიდევ გაიზრდება
იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა არ აქციონ იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათზე არ მოხდეს ზეგავლენა, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება პასუხს აგებს, რომ მათზე არ მოხდეს ზეგავლენა და აქ შეუძლიათ თავისუფალი ნების გამოხატვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას სთხოვა განემარტა, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რატომ არ არის ემიგრანტებისთვის ხმის ჩამორთმევა.
„დღეს ვხედავთ, რომ არჩევნების მედეგობა გარე ჩარევებთან დაკავშირებით ბევრი ქვეყნისთვისაა გამოწვევა. აშშ-ში საუბრობენ ამაზე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. რაც მთავარია ჩვენ ვიყავით ამის მოწმე შარშან, 2024 წელს ვნახეთ სამწუხაროდ პირდაპირი ჩარევა ევროპული ქვეყნებიდან ქართულ არჩევნებში. ჩვენი ემიგრანტები პირდაპირი სამიზნეები გახდნენ სხვადასხვა ჯგუფების. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი მიხაელ როთი პირდაპირ იყო ჩართული გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნებაზე გავლენის მოხდენაში. აბა მიდი მერე, კაი ბიჭი ხარ და არ დაუჯერო ამ ადამიანს.
გახსოვთ როგორ ემუქრებოდნენ, მათ შორის ამერიკაშიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ქართველებივე – სიებს შევადგენთ, სახელმწიფო დეპარტამენტს მივაწვდით და დეპორტს მოგიწყობთო. ჩაშვების ინსტრუმენტიც კი აამოქმედეს. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვქონდა და არ გვაქვს, რომ გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, თუ სხვა ქვეყანაში უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლების დაცვა. ეს გადაწყვეტილება [ცვლილებები] ჩვენი ემიგრანტების დაცვასაც ემსახურება, რომ ბულინგი მათზე, ზეწოლა, მუქარა, რომ მათ დეპორტაციას მოახდენენ, ჩაშვების ინსტრუმენტის ამოქმედება თავიდან ავიცილოთ.
ვერავის ვენდობით. ეჭვი გვაქვს, რომ ისევე, როგორც წინაზე ეს მიხაეილ როთმა გააკეთა, ისევე მოიქცევიან [ევროკავშირის] სხვა წარმომადგენლებიც და შეეცდებიან ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლას იმისთვის, რომ ის შედეგი მიიღონ, რომელიც ზოგიერთს სურს. ამიტომ ერთადერთი ბერკეტი არის ის, რაც გაკეთებული აქვს ისრაელს, სომხეთს, ირლანდიას, მალტას, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ მნიშვნელოვანი დიასპორა გარეთ და უფრთხილდებიან უპირველეს ყოვლისა იმ დიასპორას, რომ არ გახდნენ იარაღი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა არ აქციონ იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათზე არ მოხდეს ზეგავლენა, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება პასუხს აგებს, რომ მათზე არ მოხდეს ზეგავლენა და აქ შეუძლიათ თავისუფალი ნების გამოხატვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაზე მაღალი რაოდენობა, რაც კი იყო მონაწილეობა არჩევნებში საზღვარგარეთის უბნებში, ეს იყო 34 ათასი.
„მონაწილეობა არ არის მაღალი, მაგრამ მზარდია ინტერესი, გამოიყენონ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები უცხო ქვეყნების სხვადასხვა ძალებმა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გასატარებლად.
საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ინტერესშივეა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ერთი მხრივ პასუხისმგებლობა აიღოს, რომ საქართველოს საზღვრებს შიგნით გამოხატონ ნება და მეორე მხრივ, გაათავისუფლოს ისინი იმ წნეხისგან, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. მიხაელ როთები კიდევ უფრო მრავლდებიან და სურვილი, რომ საქართველოს პოლიტიკაში ჩაერიონ, და გამოიყენონ ჩვენი ემიგრანტები იმისთვის, რომ მოიყვანონ საკუთარი მარიონეტები საქართველოს ხელისუფლებაში, ხელის გულზე დევს. ჩვენს ემიგრანტებს მივმართავ, რომ ამ საკითხს ამ კუთხითაც შეხედონ, რომ მათზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.