უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს განუცხადა, რომ მზადაა უკრაინაში მშვიდობის დამყარების ახალ გეგმაზე ტრამპის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი კიევის მხრიდან „დიდ დათმობებს“ ითვალისწინებს, მათ შორის უკრაინის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას.
როგორც Axios-ი წერს, დრისკოლმა ზელენსკის გეგმის ასლი გადასცა, ხოლო თავად უკრაინის ლიდერმა ზელენსკიმ შეხვედრის დროს მოულოდნელი მოქნილობა გამოავლინა. ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა Axios-ს პირდაპირ განუცხადა: „გამოსავალი არის ამ საკითხზე ერთად მუშაობის მცდელობა, რათა მშვიდობა შესაძლებელი გახდეს“.
ზელენსკის ოფისმა რიტორიკის ცვლილება დაადასტურა. „პრეზიდენტმა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები გამოკვეთა და შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გეგმის დებულებებზე ისე იმუშავებდნენ, რომ ომის სამართლიან დასრულებამდე მივიდეთ“, – აღნიშნულია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.
აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ზელენსკი და დრისკოლი, სავარაუდოდ, „ხელმოწერისთვის მკაცრ ვადაზე შეთანხმდნენ“.
კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დრისკოლის დელეგაციის ვიზიტი თავდაპირველად წმინდა სამხედრო საკითხებს ეხებოდა და რომ თეთრმა სახლმა მოგვიანებით მას სთხოვა, დახმარებოდა ზელენსკისთან „მოლაპარაკებების დაწყებაში“ აშშ-ის ელჩის სტივ უიტკოფისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სახელით.
„გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რათა მშვიდობა შესაძლებელი გახდეს“, – დასძინა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.