“შსს საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს – „პროფესია პოლიციელი“ – სასაზღვრო პოლიცია
“შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს – „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.
ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გეკა გელაძის თქმით, ახალი კამპანია ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო საზღვრის დაცვის, კინოლოგიისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის სტენდები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და დეტალურად გაეცნენ წარმოდგენილ აღჭურვილობას. ასევე, მიიღეს სრული ინფორმაცია მესაზღვრეების საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნული სივრცეებისა, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს გადაეცათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრენდირებული სიმბოლური სასაჩუქრე ნაკრები”, – წერია ინფორმაციაში.