კიბერვირუსი, რომელიც თავს ყველას ესხმის
2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის ГРУ-მ მასობრივი კიბერშეტევა ათასობით ქართულ ვებგვერდზე, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოებისა და ადგილობრივი თვითმართველობების, მედიასაშუალებების საიტებზე განახორციელა. ქართული და საერთაშორისო გამოძიებების შედეგად დადგინდა, რომ ამ კიბერშეტევის ავტორი რუსეთი იყო. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი საქართველოში ქაოსის შექმნას ცდილობს – ცდილობს, სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების მუშაობა შეაფერხოს, რაც არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის სახიფათოა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენი მოქალაქეების ეთნიკურ კუთვნილებას და არც – პოლიტიკურ ხედვებს.
მალევე შესაბამისმა ქართულმა სამსახურებმა რუსული კიბერშეტევა, რომელიც ქართული ინტერნე სივრცის ჩამოქცევას ისახავდა მიზნად, გაანეიტრალეს.
დასავლური რამდენიმე სახელმწიფო დაუყოვნებლივ გამოეხმაურა რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ და პროტესტი გამოხატა, რაც კრემლის მავნებლობის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო მხარდაჭერას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ, საქართველოზე კიბერთავდასხმის გამო, რუსეთი მწვავედ გააკრიტიკეს გაერო-დანაც. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციამ კიბერშეტევას უშიშროების საბჭოს სხდომა მიუძღვნა.
თუმცა, არ უნდა გვეგონოს, რომ მსგავს მეთოდებს კრემლი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. არსებობს არაერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ ესხმოდნენ რუსული სპეცსამსახურები თავს სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოს კიბერსივრცეებს.
2018 წლის აპრილში ქიმიური ნივთიერებების აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW) განხორციელდა კიბერთავდასხმის მცდელობა, რაც ნიდერლანდების სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დააკავეს „გრუ“-ს 4 ჯაშუში. ისინი დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობდნენ. ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა სერიოზული მტკიცებულებები და სამხილები აღმოაჩინეს. კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ჯაშუშები სპეცსაქმიანობისთვის საკუთარ ავტომანქანებს, ხოლო მობილური სიხშირისთვის კომპიუტერულ სიგნალს იყენებდნენ. დაკავებულებს საბარგულში ტრანსფორმატორი და რამდენიმე ელემენტი აღმოაჩნდათ, ასევე, მანქანის სალონში ნაპოვნი იყო ძლიერი მონაცემების კომპიუტერი, ანტენა და სმარტფონები. ჰაკერები კომპიუტერების პაროლებს ხსნიდნენ და საიდუმლო მასალებს იპარავდნენ. ანტენა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისკენ ჰქონდათ მიმართული. დაკავებამდე რუსეთის მოქალაქეები სამუშაო ტექნიკის, მათ შორის, მობილური ტელეფონების განადგურებას ცდილობდნენ, რისი განხორციელე-ბაც ვერ შეძლეს.
2017 წელს კიბერშეტევა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე განხორციელდა, საიდანაც დოკუმენტები და პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს. ჩეხეთის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა (BIS) ამ კიბერთავდასხმაში პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამ სამსახურის განცხადებით, შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. კიბერშეტევა 2016 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. მისი სამიზნე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემები იყო. ჰაკერებმა უწყების თანამშრომლების წერილებისა და მათში ჩატვირთული ფაილების კოპირება შეძლეს. „ასე მიიღეს მათ მონაცემები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას მომავალი კიბერშეტევებისთვის, ასევე, პოტენციური სამიზნეების სია, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
2016 წელს რუსმა კიბერდამნაშავეებმა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) სერვერები გატეხეს. ორგანიზაციის განცხადებით, ჰაკერულმა ჯგუფმა ათლეტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, მათ შორის, კონფედენციალური სამედიცინო მაჩვენებლების თაობაზეც. საუბარი იყო შემდეგ ინფორმაციაზე – იმ „გამონაკლის მედიკამენტებზე, რომელთა მიღებაც სპორტსმენებს თერაპევტული დანიშნულებით“ შეეძლოთ, თუმცა რუსებს სურდათ, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე დასავლელი სპორტსმენების დისკრედიტაცია მომხდარიყო. რუსმა ჰაკერებმა ღია ინტერნეტსივრცეში განათავსეს სხვადასხვა პერსონალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, რუსეთის მხარე კატეგორულად უარყოფდა ამ დანაშაულთან კავშირს. ვლადიმერ პუტინის პრესს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ მოსკოვის შემხებლობა ამ კიბერშეტევასთან გამორიცხულია!
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა საქართველოში 2008 წელსაც მოხდა. აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ომის დღეებშიც, რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე – მედიასაშუალებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ვებსაიტებზე. მაშინ კიბერთავდასხმა 50-ზე მეტ ვებსაიტზე მოხდა.
ფაქტია, რუსეთი უკვე წლებია, ამგვარ აკრძალულ, დანაშაულებრივ მეთოდებს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, რათა მათი პოლიტიკის, სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფოებრივი პროცესების განადგურება მოახდინოს. დღეს, როცა მსოფლიოში მომაკვდინებელი კორონავირუსი „მოგზაურობს“, არავინ იცის, ნებისმიერი სახელმწიფოს სისტემასა და მოქალაქეს რა ბოროტი სიურპრიზი შეიძლება, მოუმზადოს მეორე მავნე „ვირუსმა“.
ალექსანდრე მეტრეველი