ობრი ბერდსლის ტრიუმფალური გამოფენა ლონდონში და მისი გავლენა საუკუნის წინანდელ ქართულ თეატრზე

ავტორი: ობრი ბერდსლი

ლონდონის „თეით ბრიტანში“ ამ დღეებში გაიხსნა და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება გვიანი ვიქტორიანული ხანის გენიალური მხატვრის ობრი ბერდსლის (1872–1898) ვრცელი პერსონალური გამოფენა, რომელიც თავს უყრის მის 250-მდე ნამუშევარს.
ის ძირითადად ორ ფერს იყენებდა, თეთრ ქაღალდზე ტიპოგრაფიული საღებავით ხატავდა და შედეგად სასწაულებს ტოვებდა. მისი ტექნიკა 21-ე საუკუნის მნახველზეც კი შოკისმომგვრელად მოქმედებს და ამ სურათების მნახველს გიჭირს დაჯერება, რომ ისინი ადამინის ხელმა შექმნა.
ბრიტანული დეკადენსის ამ ვუნდერკინდმა, რომელმაც მხოლოდ 25 წელი იცოცხლა, შეძლო სიმბოლისტური მიმართულების წამყვან ფიგურად ქცეულიყო და მეოცე საუკუნის დასაწყისის მსოფლიო ხელოვნებაზე უზარმაზარი გავლენა მოეხდინა.
იგი შვიდი წლის განმავლობაში ქმნიდა თავის სრულიად უჩვეულო ნამუშევრებს, რომლებიც ძირითადად წიგნის გრაფიკისა და ჟურნალის ილუსტრაციებისთვის იყო განკუთვნილი. დამოუკიდებელ დაზგური გრაფიკის ნიმუშებად ისინი არ ყოფილა ჩაფიქრებული. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი საზოგადოებისთვის, რომ ეგრძნო და ეღიარებინა ბერდსლის, როგორც ფორმისა და ხაზის ახალი ესთეტიკის დამამკვიდრებლის მნიშვნელობა.

ავტორი: ობრი ბერდსლი

პირველი დიდი აღიარება მას ოსკარ უალდის პიესის „სალომეს“ ილუსტრაციებმა მოუტანა, რომელიც 21 წლის ასაკში შეიქმნა და თავისი სიახლით უმალ მიიქცია ყურადღება. ამ ილუსტრაციებმა მასი ავტორიტეტი იმგვარად აამაღლა, რომ მალე ლონდონში იმხანად დაარსებული პოპულარული პერიოდული გამოცემის „ყვითელი წიგნის“ მხატვრულ რედაქტორად მიიწვიეს, ამის შემდეგ მან ჟურნალ „სავოის“ მხატვრულ გაფორმებაზე იმუშავა და თავი დაიმკვიდრა, როგორც მახვილგონიერმა და სატირული თვალის ხელოვანმა, რომელიც თავისი დროის ყველაზე ფხიზელ დამკვირვებლად და მხატვრულ მემატიანედ იქცა. ლონდონის სულს, ხასიათს და მახვილ იუმორს იგი მართლაც უბადლოდ გადმოსცემს და დღესაც სიცინცხლესა და აქტულურობას ინარჩუნებს.
ობრი ბერდსლის დიდი გამოფენა ბოლოს 1966 წელს, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში გაუმართავთ, წლევანდელი ექსპოზიცია კი გაცილებით ვრცელია და მეტი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს ტრაგიკული ბედისწერის ტალანტს, რომელიც შვიდი წლიდან ტუბერკულიოზით იტანჯებოდა, მან იცოდა, რომ დღეები განსაზღვრული ჰქონდა და ამიტომ თავს არ ზოგავდა, მას უნდოდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო და დღეში ხან ათობით სურათს ასწრებდა, ერთბაშად რამდენიმე ნახატზე მუშაობდა.
ამ თავგანწირული შრომისა და შთაგონების საუკეთესო ნაწილი ახლა დამთვალიერებლის სამსჯავროზეა გამოტანილი და მისი ახალი ტრიუმფის მოწმედ გვაქცევს მხატვრის გარდაცვალებიდან 122 წლის შემდეგ.

ავტორი: ირაკლი გამრეკელი

გამოფენას ახლავს შესანიშნავად გამოცემული კატალოგი, სადაც საგანგებო თავი ეძღვნება ობრი ბერდსლის გავლენას რუსულ ხელოვნებაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ იგი მეოცე საუკუნის დასწყისში სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში უფრო მოდური და შთამაგონებელი იყო, ვიდრე მშობლიურ ბრიტანეთში ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში.
განსაკუთრებით დიდი იყო ბერდსლის გავლენა რუსულ მხატვრობასა და თეატრზე, და მიუთითებენ მხატვარ კონსტანტინე სომოვის და თეატრალური რეჟისორის ალექსანდრე ტაიროვის შემოქმედებაზე, სახელდობრ – მის სპექტაკლ „სალომეზე“, რომელიც მან მოსკოვის კამერულ თეატრში 1917 წელს დადგა.
ამ გავლენაზე ყურადღების მიქცევამ უმალ მეოცე საუკუნის ქართული თეატრის ოციანი წლების მოდრნისტი მხატვრები, ჩვენი საამაყო ირაკლი გამრეკელი და პეტრე ოცხელი გამახსენა. მე პირადად მიმუშავია და დამიწერია ამ დიდებულ სცენოგრაფებზე, წამიკითხავს ძირითადი ლიტერატურა, რაც მათზე არსებობს, მაგრამ არსად ამომიკითხავს მინიშნება რაიმე გავლენაზე. ჩვენი ყველა მკვლევარი წერს და იმეორებს, რომ გამრეკელი და ოცხელი არის სრულიად უნიკალური და განუმეორებელი მოვლენა, რაც სიმართლეა, მაგრამ არავინ არსად არ ახსენებს მათზე ბერდსლის გავლენას (თუმცა, ეს მკვლევრების ბრალი არ არის, რადგან საბჭოთა ეპოქაში არ ცნობდნენ სიმბოლისტ და დეკადენტ მხატვრებს და არც ცენზურა დაუშვებდა, ვინმეს რომც მიეთითებინა), რომელიც უდავოდ ახასიათებს გამრეკელსაც და ოცხელსაც, გნებავთ, თემატურად, გნებავთ – სახეობრივად.

ავტორი: პეტრე ოცხელი

კოტე მარჯანიშვილმა, რასაკვირველია, იცოდა ინგლისელი გენიოსის არსებობა, რადგან მის ილუსტრაციებს რუსეთში დიდი ენთუზიაზმით გამოსცემდნენ და იოლსაგულვებელია, რომ მათ გასცნობოდნენ ასევე გამრეკელი და ოცხელი. მითუმეტეს, ოცხელი 1917 წლის რევოლუციამდე მშობლებთან და და-ძმებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.
როცა ვუყურებ ბერდსლის ნამუშევრებს, უნებურად მახსენდება გამრეკელის ესკიზები „სალომეასთვის“, რომელიც  1923 წელს რუსთაველის თეატრში დადგა კოტე მარჯანიშვილმა. რუსთაველის თეატრის მუზეუმში ირაკლი გამრეკელის ესკიზებთან ერთად დაცულია მისივე რამდენიმე ფერწერული ნიმუში სალომეას თემაზე და მათი მხილველი აუცილებლად იპოვის კვალს და სიახლოვეს ინგლისელ მხატვართან. ასევე ითქმის პეტრე ოცხელის „ურიელ აკოსტას“ და სხვა სპექტაკლის ესკიზებსა და სცენურ კოსტიუმებზე, აქაც შესამჩნევია ხაზის მოქნილებასა და კოსტიუმის გადაწყვეტაში ბერდსლის კეთილმყოფელი გავლენა. ყველა დიდი მხატვარი მიბავით იწყებს, თვითონ ბერდსლი ეთაყვანებოდა ედუარდ ბერნ-ჯოუნზს (Edward Burne-Jones), თავის მასწავლებელს, ვისი მიბაძვითაც დაიწყო ხატვა. თუმცა, მერე იმგვარი ტრანსფორმაცია განიცადა შეგირდის ოპუსებში, რომ ამ გავლენის კვალს ძნელადღა თუ იპოვით.
ირაკლი გამრეკელი და პეტრე ოცხელიც ასეთი მძლავრი ინდივიდუალობის მოაზროვნეები და ესთეტები არიან, მათაც სრულიად სხვაგვარად წარმართეს თავიაანთი შემდგომი ძიებები და ჩამოყალიბდნენ მკვეთრად გამოხატული სტილის სცენოგრაფებად, სცენის ჭეშმარიტ  პოეტებად, რომლებიც ახლაც გაოცებას იწვევენ და ქართული თეატრის ყველაზე დიდ ნოვატორებად რჩებიან. თუმცა, ამიერიდან როცა დაიწერება ქართული ხელოვნების სამართლიანი ისტორია და მკვლევრები შეეხებიან გამრეკელისა და ოცხელის პირველ ნაბიჯებს დიდ ხელოვნებაში, ასევე მათ სტილურ თავისებურებებს, აქ შეუძლებელია ყურადღება არ გამახვილდეს ობრი ბერდსლის ფაქტორზე. ამ ხარვეზის გამოსწორებაზე უკვე ახალი თაობის არტ–ისტორიკოსები იზრუნებენ.

                                            გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები