გია ხუხაშვილი: არადამაჯერებელია სამართლიანობაზე ლაპარაკი, როცა სისტემის მანკიერებას დიდი მოწადინებით ეპოტინებიან

დღეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას კი არა, სამართლიანობას ამოფარებული საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ძალიან არადამაჯერებელია სამართლიანობაზე ლაპარაკი, როცა სისტემის მანკიერებას დიდი მოწადინებით ეპოტინებიან, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ხუხაშვილმა ინტერვიუში ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს.

“სამართლიანობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება თუ იყო, ეს უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. მაშინ კოაბიტაცია გამოცხადდა, კოაბიტაცია კი ნიშნავს საზოგადოების გამთლიანებას, დაპირისპირებული ჯგუფების შერიგებას, რაც ჩვენში არ მომხდარა. დღეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას კი არა, სამართლიანობას ამოფარებული საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ძალიან არადამაჯერებელია სამართლიანობაზე ლაპარაკი, როცა სისტემის მანკიერებას დიდი მოწადინებით ეპოტინებიან. არც ერთი სისტემური პრობლემა არ გადაუწყვეტიათ, ყველაფერი შეისრუტეს: მართლმსაჯულება, ძალოვანი სისტემა და ა.შ. როდესაც სამართლიანობაზე ლაპარაკობ, სამიზნედ იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს იღებ, მართლმსაჯულებას კი იმ მოსამართლეების ხელში ტოვებ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის უსამართლობის ბოლო ინსტანციას წარმოადგენენ, როგორ შეიძლება შენი ვინმემ ირწმუნოს? რეჟიმი სასამართლოს გარეშე ვერ ყალიბდება, აქედან გამომდინარე, თუ მაშინ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, სასამართლო მისი განუყოფელი ნაწილი იყო. რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკურ მხარეს, ეს კიდევ უფრო რთული ასახსნელია. ამ ხელისუფლებას ერთი ამოცანა აქვს- ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება. გაუგებარია, უგულავას დაჭერისთვის რა მოტივი ჰქონდათ, თან მაშინ, როდესაც სახელისუფლებო დელეგაცია, მგონი, არც იყო დაბრუნებული აშშ-დან. როგორც ჩანს, ივანიშვილი დროის მოგებას შეეცადა, ხვდება, რომ პრობლემები აქვს, მაგრამ ცდილობს როგორმე გადააგოროს, მათ შორის დასავლეთის შემოტევაც- ემისრებს გზავნის ვაშინგტონსა თუ ევროპაში, რომელთაც სავარაუდოდ ეუბნება, ყველას ყველაფერს დაჰპირდით, მე კი აქ ყველას “გადავაგდებ”, როცა დამჭირდებაო. სამი რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერებიდან ზოგი დაჭერილია, ზოგიც გამზადებულია დასაჭერად, ზოგი სამაჯურით დადის და ლამის მთელ ოპოზიციას, ვისაც პულსი ესინჯება, პასპორტები ჩამორთმეული აქვს. ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება.

ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს- მათგან ზოგი კომპრომეტირებულია, ზოგი მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, არაკვალიფიციური და ა.შ. სუფთა ფურცლიდან პოლიტიკური ელიტის ფორმირება ვერ მოხერხდა. ასეთია მოცემულობა. აქციები საჭიროა და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ვერ იქნება პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ელემენტი. არც იმას ვემხრობი, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. ეს მას ელექტორატს დააკლებს- როცა შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობ, ელექტორატი გაკლდება. ეს, რაც შეეხება არჩევნების პროპორციულ ნაწილს, მაჟორიტარებმა კი სრული კოორდინაცია უნდა მოახდინონ ერთმანეთში და რამენაირად შეძლონ ოლქების ისე გადანაწილება, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ. იცით, კიდევ რა აგიჟებს ბიძინა ივანიშვილს? ხედავს, რომ ოპოზიცია სუსტია, კომპრომეტირებული, თან მის მხარეს არის მთელი რესურსი- ფულიც, პოლიციაც, პროკურატურაც, სასამართლოც და ვერ წარმოუდგენია, ამ ოპოზიციასთან როგორ უნდა წააგოს. ამ ყველაფერს ის ბიზნესბუღალტერიის პრიზმაში უყურებს. ამიტომ არის მხნედ, თუ ამას მხნეობა ჰქვია. “ოცნების” შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია და მხოლოდ რესურსებით არ იზომება. ხალხი საბოლოოდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს იმისთვის, რომ ცუდად ცხოვრობს, უმუშევარია და ა.შ. დადგება დრო, ის არჩევანს გააკეთებს არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ”,- განმარტა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები