მხატვრების ოჯახში გაიზარდა, მშობლებმა, დამ და დეიდამ ხელოვნება ბავშვობიდან შეაყვარეს.
შემდეგ ისე მოხდა, რომ სხვა პროფესია აირჩია, მაგრამ მოგვიანებით, ხელოვნების სიყვარულმა, ცნობისმოყვარეობამ და მუდმივი ძიების პროცესმა საინტერესო შემოქმედად ჩამოაყალიბა.
მისი ფანტაზია უსაზღვრო და ამოუწურავია. ამბობს, რომ განსაკუთრებით საინტერესოა მუშაობის პროცესი, – ნინო ცალქალამანიძის პერსონა.
– მამა დამსახურებული მხატვარი და პედაგოგი – მიხეილ ცალქალამანიძე, დედა – ასევე ხელოვანი, დეიდა – შემოქმედი… რას გაიხსენებდით?
– პატარაობიდანვე ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ ჩემი მშობლები. სხვათა შორის, მამა ერთ – ერთი პირველი იყო, ვინც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო ქართული ტიხრული მინანქრის მივიწყებული ტექნიკის აღორძინებაზე მუშაობა. მინანქარი მაშინ ბრიკეტულ მდგომარეობაში იყიდებოდა და რუსული წარმოების იყო. ის უნდა ჯერ დაგემტვრია, შემდეგ სპეციალურ ქვის ქვასანაყში დაგეფქვა.
ხშირად ვხედავდი მამას ამ მდგომარეობაში. ერთხელ, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, დაინახა, მეც ვამტვრევდი ფერად ფანქრებს, ვიღებდი იქიდან გულებს და ვფქვავდი, მამას მინანქარს ვუმზადებდი, ვეხმარებოდი.
ოჯახში ყველა მხატვარი იყო – დედა, მამა, დეიდა. ჩემმა დამაც სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მე არ ვფიქრობდი, რომ ხატვის ნიჭი მქონდა და მათსავით ნიჭიერი არ ვიყავი.
– თქვენ განსხვავებული პროფესია აირჩიეთ. მეწარმეობას მისდევთ. მაგრამ ხელოვნებამ მაინც იჩინა მოგვიანებით თავი…
– სხვა გზა ავირჩიე და უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე. დამთავრებისთანავე სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ ყოველთვის რაღაცის გაკეთება მიყვარდა, ქსოვა იქნებოდა თუ მძივების აწყობა, პატარა ინსტალაციების დამზადება… ყველაფერი ძალიან მაინტერესებდა.
სანამ ინსტიტუტში ვიყავი, მაშინ ვახერხებდი მინანქარზე მუშაობას, მაგრამ იმდენად შრომატევადი საქმეა, როდესაც მუშაობა დავიწყე, უკვე მამისთვის ვეღარ ვიცლიდი.
მოხდა ისე, რომ 2013 წლიდან სუვენირების გალერეაში ვმუშაობდი. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი იყო. იმის გარდა, რომ ადგილობრივ ხელოვანებს, ოსტატებს, მხატვრებს ვაძლევდით საშუალებას, რომ ნამუშევრები გამოეფინათ, წარედგინათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ ტურისტებისთვის, მოგების ნაწილი ასევე ირიცხებოდა კავკასიის ბუნების ფონდში, რომელიც, თავის მხრივ, კავკასიის ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნავს და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტით გამოირჩევა. ეხმარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
სწორედ გალერეაში მუშაობისას დავუბრუნდი ისევ მინანქარს. თავიდან ძალიან მარტივი იყო მიზეზი – მინდოდა კიდეც და ასევე მსურდა, გალერეაში მეტი ნამუშევარი ყოფილიყო წარდგენილი. ამიტომ ნელ-ნელა შევუდექი ამ საქმეს… მაგრამ დაიწყო პანდემია, გალერეა დაიკეტა. ყველა ჩავსხედით სახლებში, მაგრამ გამიმართლა, რადგან სახლში მქონდა ღუმელი და ტიხრული მინანქრის კეთებას უკვე ძალიან სერიოზულად მოვკიდე ხელი. უფრო მეტი დრო გამომიჩნდა, რომ ტიხრული მინანქრისთვის დამეთმო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა საიუველირო საქმის სწავლაც.
მინანქარს რომ ვაკეთებდი, მამა კი ასრულებდა ბოლომდე ამ სამუშაოს, სვამდა ბუდეში, ვერცხლში, მაგრამ მე უკვე თავადაც მინდოდა ამის გაკეთება.
მას მერე ეს საქმე ნელ-ნელა ჩემი პროფესია გახდა. ვაკეთებ ძირითადად ტიხრულ მინანქარს და ასევე ძალიან მიტაცებს საიუველირო საქმეც.
– უნტიფეს, ნაზ და ორიგინალური დიზაინის სამკაულებს ქმნით ბუნებრივი ქვებისგან… წავიკითხე, როგორ დაამუშავეთ რომაული მონეტა და შეუხამეთ სარდიონის და ქარვის ფერები…
– ნამუშევრებზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი თამაშიც არის, დავალაგებ ხოლმე სხვადასხვა ფერის ქვებს, ვიწყებ მათ შეხამებას, ერთმანეთს ვადებ და ასე წარმოვიდგენ, რა უნდა გავაკეთო ამისგან. ხშირად კეთების დროს სულ სხვა რაღაცა გამოდის, რადგან ქვა და მასალა ზოგადად მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო. შეიძლება ერთი რაღაც გქონდეს წარმოდგენილი, მაგრამ საბოლოოდ საკმაოდ განსხვავებული რაღაც მიიღო. ასევე, ვცდილობ, ქვა ისე ჩავსვა, რომ მაქსიმალურად გამოჩნდეს მისი სილამაზე, ის, რაც ბუნებამ შექმნა. როდესაც მონეტებზე ვმუშაობ, თუ ავთენტიკური მონეტაა, ვცდილობ ისე ჩავსვა, არ დავაზიანო და თავისი ნუმიზმატიკური ღირებულება არ დაკარგოს.
– „სტაბიას გაზაფხული“ – რომაული ფრესკის მიხედვით შეიქმნა საყურეები… ალბათ უცაბედი შთაგონებით? რა გაძლევთ შთაგონებას?
– შთაგონების წყარო მრავალმხრივია. ეს შეიძლება იყოს: ბუნება, ხელოვნების ნიმუში, ლიტერატურა, მოგზაურობის შთაბეჭდილება. წვიმიან დილას მანქანაზე მიკრული სველი ფოთლები, რომლებსაც უცებ დაინახავ და მიხვდები, რომ ძალიან ლამაზი და უჩვეულოა.
რაც შეეხება სტაბიას, ასეთი მოგზაურობის შთაბეჭდილებიდან წამოვიღე. ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში ვნახე ფრესკა, რომელიც შემიყვარდა. ზოგადად მთელი მუზეუმი სასწაულია, მაგრამ ეს ფრესკა განსაკუთრებით მომეწონა. მთელი ეს სერია. ახლა ვგეგმავ „სტაბიას ფლორას“ შემდეგ დიანაც გავაკეთო. უკვე საამისოდ მინანქრებიც ნაყიდი მაქვს.
– სამჯერ მონაწილეობდით Enamel Art Jam Exhibition – საერთაშორისო ონლაინგამოფენაში, რომელიც კოვიდის დროს დაარსდა. რამდენად მნიშვნელოვანი გამოფენაა?
– საერთაშორისო გამოფენის იდეა პანდემიის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც ყველა ჩავსხედით სახლებში. არ ტარდებოდა გამოფენები და ერთ-ერთმა არტისტმა, რომელიც მინანქარზე მუშაობს, გადაწყვიტა ამ გამოფენის ჩატარება. მოიფიქრა თემა და ამ თემის გარშემო ძალიან ბევრმა ავტორმა სურვილისამებრ გაუგზავნა ფოტოები. და ძალიან საინტერესო გამოვიდა.
ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. გაზაფხულზე მორიგი გამოფენა გაიმართა, მაისში კიდევ მივიღე მონაწილეობა. მიხარია და მეამაყება რომ ამდენი საინტერესო ავტორის გვერდზე – არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან – ჩემი ნამუშევარიც იყო გამოფენილი.
– საინტერესო ამბავი…
– საინტერესო ამბავი: ვიტრაჟულ მინანქარზე მუშაობის დაწყებისას გავაკეთე საყურეები, რომლებიც იმეორებს ბეთლემის ქუჩაზე მდებარე ულამაზესი ვიტრაჟებიანი სახლის, ანუ ვიტრაჟების ორნამენტს. ეს ტექნიკაც უფრო იმიტომ ავითვისე, რომ ორნამენტები შემექმნა სამკაულში. ძალიან გამჭვირვალე და სახასიათოა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა.
– ჰობი…
– ბევრი რამ მიყვარს… მიყვარს წიგნის კითხვა, რომელსაც ახლა უდროობის გამო თითქმის ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, აუდიოწიგნებს ვუსმენ. ვინც მიცნობს, ეს უკვე ყველამ იცის – ძალიან მიყვარს ბუნებაში გასვლა, სოკოების კრეფა, ხელსაქმის კეთება… რაც მთავარია, გამიმართლა, რადგან ჩემი ჰობი, მე მოვახერხე და ვაქციე ჩემს სამსახურად.ნამაზე მნიშვნელოვანი კი მხოლოდ ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ის ემოცია, პატარ-პატარა აღმოჩენები, თუნდაც ის, რაც გაქვს ნანახი, ან წაკითხული… ამის შენი თვალით დანახვა და ემოცია, ჩემთვის უძვირფასესია და ხშირად ხდება შთაგონების წყაროც, როგორც აღვნიშნე, მაგალითად „სტაბიას“ შემთხვევაში.
– ქვები… როგორია მათთან ურთიერთობა? თქვენ მიერ შექმნილ რომელ სამკაულს ატარებთ?
– ძალიან მიყვარს სამკაულების კეთება, მაგრამ თითქმის არაფერი მიკეთია. ვატრებ ძველ სამკაულს, რომელიც ძალიან მიყვარს და არ ვიხსნი. ახალი სამკაულის გაკეთება მაშინ მიყვარს, ახალი გაკეთებული რომ არის და ძალიან მომწონს…
და მაინც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, დიდ სიხარულს მანიჭებს, რომ ჩემი გაკეთებული ნივთები სხვას მოსწონს და ახარებს. არაჩვეულებრივ თბილ უკუგებას ვიღებ. ისე თბილად მწერენ სრულიად უცხო ადამიანები, მგონია, რომ ამდენს არც ვიმსახურებ. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ძვირფასი. ამის გამო ყველასი ძალიან მადლობელი ვარ.
ყველანაირი ქვა მიყვარს. მაგრამ განსაკუთრებით ოპალები, ლაბრადორიტები, და მათი ციალი არის მთვარის ქვაც. ფერის თამაში, სხვადასხვა კუთხიდან რომ სხვადასხვა ფერს ირეკლავს, არის საოცრება.
ასევე, ძალიან მიყვარს ფირუზი. ადრე მეგონა, რომ მხოლოდ ცისფერი ქვა იყო. თურმე მისი იმდენი ნაირსახეობაა, იმდენი გრადაციაა მწვანიდან ცისფრამდე, ხანდახან ყავისფერიც კი არის. წარმოუდგენლად ლამაზი ქვაა.
ძალიან მიყვარს ნახევრად გამჭვირვალე ქვები – ქალცედონები, შუქს რომ ატარებს… ძალიან ლამაზი და ნაზია, ისეთი მასალაა, რომ ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს.– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე მიჭირს საუბარი. მინდა ისევ გავაგრძელო მუშაობა, სასწაული ძალიან ბევრია, ყოველი დღე რაღაც ახალს მანიჭებს, ეს საქმე, რომელიც ახლა ავირჩიე, არის აღმოჩენებით სავსე. მიყვარს ექსპერიმენტები, სიახლეები. და სწორედ ჩემი პროფესია მაძლევს შესაძლებლობას, რომ რაღაც ახალი ფორმები, ფერთა ახალი შეხამებები, ტექნიკები ვისწავლო.








თამარ შაიშმელაშვილი