“სულების კვირეული“ – მისტიური ტრადიცია სვანეთში, რა დროსაც ოჯახები გარდაცვლილთა სულებს მასპინძლობენ (ვიდეო)

უძველესი ტრადიციის მიხედვით, სვანეთში “სულების კვირეული“, იგივე  “ქუნარეში“, იგივე  “ლიფანაალი,“ აღინიშნება. იგი ძველით ახალი წლის მეორე დღეს იწყება და ერთი კვირა გრძელდება.

“რეგიონული კვირის“  გადამღები ჯგუფი აღნიშნული ტრადიციის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში,  ჯუმბერ მუკბანიანის ოჯახიდან გიამბობთ.

როგორც მათგან გავარკვიეთ, სვა­ნე­ბის რწმე­ნით, გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ოჯა­ხებს სტუმ­რობ­ენ. გარდაცვლილ წინაპართა ოჯახში “მიღების“ წესის დროს, ოჯახის უფროსები სანთლებითა და კვერებით ტაძარში მიდიან, უფალს სულების მასპინძლობის უფლებას შესთხოვენ, ანთებული სანთლებითვე უკან ბრუნდებიან და “სტუმრების მიღებას“ ელიან.

ტრადიციის მიხედვით, ოჯახი სტუმრად “მომავალი“ გარდაცვლილი ოჯახის წევრის დასახვედრად“ სულების კვირეულის“ პირველ დღეს განსაკუთრებით ემზადება. ქნიან 3 სანთელს, ამზადებენ  სხვადასხვა კერძებს და საჭირო კვერებს, საღამოს კი ისეთივე სუფრა იშლება, როგორითაც ძვირფას სტუმარს ხვდებიან. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ – კერძი უნდა იყოს ცხელი და ხელუხლებელი, რადგან ლეგენდის თანახმად, სული კერძების ორთქლით იკვებება.

წადგმის დღეებში, მაგიდაზე ყოველდღე სამ სანთელს ანთებენ, ღუმელში საგანგებოდ ამ დღისთვის მოჭრილ კაკლის(ნიგვზის) ტოტს წვავენ, რადგან ის სასიამოვნო სუნს უშვებს და ესეც იზიდავს სულებს, შემოსასვლელ ყველა კარს აღებენ, ოთახში შუქს აქრობენ, ოჯახის ყველა წევრი სუფრის ირგვლივ იკრიბება და “სტუმარს“ ფეხზე მდგომი ხვდება.

ოჯახის უფროსი“ მოსულებს“ საუბრითა და ლოცვით  ხვდება, იპატიჟებს და  სთხოვს, მათი მოსვლა ფეხბედნიერი იყოს, მცირეოდენ ღვინოს იატაკზე ღვრის (ამ რიტუალს აუცილებლად სამჯერ ასრულებს), შემდეგ კი მას ოჯახის ყველა წევრი სუფრასთან სავახშმოდ უერთდება.

აღნიშნული რიტუალი მთელი კვირეულის განმავლობაში, დილა-საღამოს სრულდება. “სულების კვირაში” აუცილებელი მოთხოვნაა ოჯახში სიმშვიდე სუფევდეს. აკრძალულია ხმამაღალი საუბარი, ჩხუბი, არეულობა, კითხულობენ ზღაპრებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი დღე მარხვისაა და ის აუცილებლად ნათლისღების წინა დღეა. ამ დღეს, სავალდებულოა, რომ ოჯახის ყველა წევრმა მარხვა დაიცვას, თუ მოხდა ისე, რომ მარხვა რომელიმემ დაარღვია, ისინი სხვა რიტუალზე დასწრების უფლებას კარგავენ.

ასევე, საინტერესოა კვირეულის ერთი დღე, როცა თითქოს მიცვალებულთა სულები წერენ სიას- თუ ვინ გარდაიცვლება მიმდინარე წელს, ამ დღეს “სტუმარს“ დილით ადრე არყითა და ხილით “უმასპინძლდებიან“, ხოლო დატვირთული “წადგმა“ მხოლოდ საღამოს ხორციელდება.

განსაკუთრებულია “კვირეულის” ბოლო დღე – ხუთშაბათი.  ეს ის დღეა, როცა სულებს სახლიდან ისტუმრებენ და ემშვიდობებიან. ოჯახის უფროსი მათ შემდეგი სიტყვებით მიმართავს –“არც გიჩქარით, არც გაგვიანებთ, გთხოვთ, კეთილი ფეხი დაგვიტოვოთ“…

ჯუმბერ  მუკბანიანის რძალი, ოჯახის დიასახლისი ელიზა ლიპარტელიანი, ბოლო დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება.სამ წვრილ ჩხირზე მწვადებს აკეთებს,  აცხობს კუბდარის კვერებს, სვანურ ყველიან-კარტოფილიანებს, ლობიან-ყველიანებს, ქნის სანთელს, ამზადებს სულების გასაცილებელ სპეციალურ ხელსაწყოს (რომლითაც ეზოში აწვეთებენ ღვინიან და რძიან სითხეს, რითაც სულები სწორად აგნებენ ჭიშკარში გასასვლელ გზას),  ამ  ყველაფერს მაგიდაზე ალაგებს და “სულების გაცილებას“ ჯუმბერს მიანდობს. ჯუმბერ მუკბანიანი ცნობილი ლოტბარია და ერთ- ერთ კომპონენტს , სულების ტკბობას, ჭიანურზე გულმოდგინედ ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ თუ სულების გაცილებას უცხო ადამიანები ესწრებიან, მათ შუბლზე მურს უსვამენ, რათა სულებმა არ შეამჩნიონ. ამ დროს ოჯახის ყველა წევრი კარისკენ ზურგით დგება, ჯუმბერი გაშლილ სუფრასთან მიდის და სულებს “ემშვიდობება“-მადლობას უხდის, სთხოვს, მათზე არ გაბრაზდნენ თუ რამე არ მოეწონათ და კეთილ გზას უსურვებს. კვერებით, ანთებული სანთლით და ჭიქა ღვინონარევი რძით გარეთ გადის, სპეციალური ხელსაწყოთი სითხეს გზადაგზა ასხმას და სულებს “ასწავლის“, როგორ უნდა დატოვონ მათი ტერიტორია. შემდეგ ჭიშკართან ტოვებს კვერებს და ანთებულ სანთლებს, რათა სულებს გზა გაუნათდეს. სახლში დარჩენილ ოჯახის წევრებს უფლება არა აქვთ თვალი ადევნონ ამ რიტუალს,მთელი ამ პროცესის განმავლობაში, გაუნძრევლად დგანან ზურგით კარისკენ და მხოლოდ ოჯახის უფროსის სახლში შებრუნების შემდეგ იცვლიან პოზიციას, გაშლილ სუფრას სხვა კერძებსაც ამატებენ და ვახშმობას იწყებენ.

“სულების კვირეული” წარმართული ტრადიციაა, თუმცა უამრავი ქრისტიანული ელემენტებითაა დატვირთული. ეს არის მისტიური და ამოუცნობი დღეები, როცა გარდაცვლილები და ცოცხლები  ერთმანეთს “ხვდებიან“ და თითქოს ოჯახში გარდაცვლილი აღარავის ჰყავს.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები