ლევან კობერიძე: ე.წ. შავ სიაში თვითონ “ნაცმოძრაობაა” ჩასაწერი

ე.წ. შავ სიას, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.

მისი თქმით, ე.წ. შავ სიაში თვითონ “ნაცმოძრაობაა” ჩასაწერი.

“ხელისუფლება თავისი საარჩევნო სტრატეგიის ორპოლუსიანობაზე აგებას ცდილობს, ეცდება, მთელ ოპოზიციას მიაკეროს იარლიყი, რომ ეს იგივე “ნაცმოძრაობაა” და თუ ის ცუდია, ოპოზიცია უფრო ცუდია. ამით მოსახლეობას ცუდსა და უარესს შორის არჩევანს უტოვებს.

ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა შეიქმნას, რომ წავიდეს ახლანდელი ხელისუფლება და არ მობრუნდეს “ნაცმოძრაობა”. ე.წ. შავი სიების გამოქვეყნება არ არის მექანიზმი, რომელიც კანონის შესაბამისად ამოქმედდება. დამნაშავე წინა ხელისუფლების დროსაც ბევრი იყო, ახლა კი იგივე ხალხი წერს სიას ხელისუფლების ქმედებებზე. ე.წ. შავ სიაზე რომ ილაპარაკო, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს. მოქალაქეებს სურთ სამართლის აღსრულება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა რაღაც ე.წ. შავი სია. ე.წ. შავ სიაში თვითონ “ნაცმოძრაობაა” ჩასაწერი. მოსამართლეებით დაწყებული და ზონდერებით დამთავრებული, ეს მანკიერი სისტემა “ოცნებამ” წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს. დღეს კი მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება რით ექნება, ამის რეცეპტები უნდა გავცეთ. მედიაში მთავარი განხილვის თემა ე.წ. შავი სიაა, მაშინ როდესაც ეკონომიკა აღარ არსებობს. მთავრობამ ის ვერ მოახერხა, სეზონის დასაწყისში წყლით მომარაგების სისტემა არ მოშლილიყო და რეგიონები ტურისტებისა და დამსვენებლების გარეშე არ დარჩენილიყო. ეს ეკონომიკური დივერსიაა, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. ოპოზიციას თუ სურვილი აქვს, ებრძოლოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების თავისი ხედვებით და არა ე.წ. შავი სიებით”,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრები ე.წ. შავ სიაზე მუშაობენ. მათი თქმით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები