გერმანული მედია ხანგოშვილის მკვლელობაზე წერს და ბერლინისგან რუსეთის მიმართ მეტ სიმკაცრეს ითხოვს

გერმანული მედია სულ უფრო აქტიურად ეხმაურება ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის თემას და ბერლინისგან რუსეთის მიმართ მეტ სიმკაცრეს ითხოვს.

Frankfurter Allgemeine წერს, რომ რუსეთ-გერმანიას შორის პოლიტიკური კრიზისია და ჯერ რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის, ან როგორ დასრულდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორი რუსი დიპლომატის გაძევება – არც ისე მკაცრი რეაქციაა.

„გვახსენდება სერგეი სკრიპალის მოწამვლის მცდელობა. ბრიტანეთის მთავრობისგან განსხვავებით, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა მალევე დააკისრა კრემლს, ბერლინმა მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალის აგორებისგან თავი შეიკავა იქამდე, სანამ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება არ გააკეთა. რასაც კონკრეტული გადაწყვეტილება მოჰყვა“, – ნათქვამია გაზეთის მასალაში.

Süddeutsche Zeitung მიიჩნევს, რომ კრიზისი რაიმე სერიოზული შედეგების მომტანი არ იქნება. ბერლინმა ორი დიპლომატი გააძევა, მოსკოვიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს. მაგრამ არ გვაქვს საბაბი ვთქვათ, რომ სახეზეა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური სკანდალი.

„გამომძიებლების ეჭვები, რომ მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები არიან გარეული, გამყარდა. მაგრამ გერმანიის მთავრობაში იციან, რომ საქმის გახსნა რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე არ გამოვა და ეს მათთვის დილემას წარმოადგენს. ბერლინს რეაგირება უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც მის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში, სხვა სახელმწიფოა გარეული. ამიტომ სწრაფი პასუხი არის გაფრთხილება და არა დასჯა. პასუხი კი, ძალიან სუსტია. სკრიპალების მოვლენების დროს ბერლინმა ბევრად მეტი რუსი დიპლომატი გააძევა“, – აღნიშნავს გაზეთის მიმომხილველი.

Tageszeitung ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი არც ისე კარგ დროს მოხდა – პარიზში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ.

„მიუხედავად იმისა, არის თუ არა გარეული რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობაში, ორმხრივი უკმაყოფილების გამოვლინება არც ისე კარგ დროს ხდება და შესაძლოა, სხვა უსიამოვნებების გამომწვევი გახდეს. უახლოეს დროში, სამი წლის განმავლობაში პირველად, პარიზში რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეხვედრას გამართავენ“, – წერს Tageszeitung.

Bild-მა გერმანიის წინამორბედი კანცლერი გერჰარდ შროდერი გააკრიტიკა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიებთან თანამშრომლობს და მოუწოდა მას არჩევანი რუსეთსა და გერმანიას შორის გააკეთოს.

„ვის მხარეზეა ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი? გენერალური პროკურორის მხარეს, რომელიც კრემლს შეკვეთილ მკვლელობაში ადანაშაულებს? ფედერალური მთავრობის, რომელიც ორ რუს დიპლომატს აძევებს? ან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხარეს, რომელიც ყოველჯერზე ყურად არ იღებს ყველა ბრალდებას და მტკიცებულებებს? პუტინმა მკვლელობა ჩვენს ქვეყანაში ჩაიდინა. შროდერის სამშობლოში. ცხადია, რომ ყოფილი კანცლერი, დაქირავებული მკვლელის მეგობარი ვერ იქნება“, – ნათქვამია Bild-ის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები