ბოლშევიკური ტერორიზმიდან თანამედროვე ტერორამდე – გზა, რომელიც ბომბებიდან “ნოვიჩოკამდე” გადის
დროთა განმავლობაში ყველაფერი იხვეწება. ოდესღაც ადამიანები ფოთლით იმოსებოდნენ, დღეს კი თვითმფრინავებით გადაადგილდებიან. იხვეწება ბრძოლის იარაღებიც-შხამიანი ისრებიდან ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიებით შექმნილ საბრძოლო აღჭურვილობაზე გადავედით. შეიძლება იგივე ითქვას ამ სტატიის მთავარ “გმირებ”-ზეც, რომელთა გენეტიკური და იდეოლოგიური წინაპრები მასობრივ ტერორისტულ აქტებს ახორციელებდნენ. ეს მათთვის საამაყოც იყო. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ სწორედ ბოლშევიკები იყვნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ტერორისტული აქტების მოწყობა, ძალადობრივი მეთოდებით ხალხის ამოხოცვა, ძარცვა მოქმედების ჩვეულ ხერხს წარმოადგენდა.
დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროში, დადის ვირუსი სახელად “რუსული ძალადობა”. ამაზე მეტყველებს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოწყობილი მკვლელობები, აფეთქებები, მოწამვლები, დაშინება და ტერორი. გავიხსენოთ თუნდაც პოლიტკოვსკაიას, ლიტვინენკოს და მაგნიტსკის მკვლელობები, სკრიპალების ოჯახის მოწამლვა, ახლახან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში და სხვა. რუსული სახელმწიფოს ლიდერი და მისი პოლიტიკური ელიტა კი ამაყობენ, რომ სისხლიანი “ჩეკისტების” მემკვიდრეები არიან. ამასთანავე საკუთარ მოსახლეობას და მთელს მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ „ნათელ მომავალს“ აშენებენ. არადა, რით განსხვავდებიან იმ ტერორისტი ბოლშევიკებისგან, რომლებმაც ათასობით ადამიანი შეიწირეს? მხოლოდ იმით, რომ 20-ე საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკები ლენინის დაკვეთით სახელდახელო ბომბებს ისროდნენ, ჟანდარმებს მდუღარე წყალს ასხამდნენ და ფოსტებს ძარცვავდნენ, ახლა კი უფრო “დახვეწილ” მეთოდებზე გადავიდნენ- მაყუჩიან პისტოლეტებს, პოლონიუმს, “ნოვიჩოკს”, “ბუკებს” და მისთანებს იყენებენ.
რატომ ვამბობთ, რომ ბოლშევიკები ნამდვილი ტერორისტები იყვნენ? არსებობს ოფიციალური და ისტორიულად დადასტურებული ინფორმაცია. ისევე როგორც ესერებს(სოციალისტ-რევოლუციონერები), ბოლშევიკებს სხვადასხვა სახელწოდებებით მძლავრი საბრძოლო ორგანიზაციები ჰქონდათ შექმნილი. ვლადიმერ ლენინი 1905 წლამდე თეორიულად ესერების და ტერორიზმის წინააღმდეგ იყო განწყობილი, თუმცა „ახალი დღის წესრიგის“ გათვალისწინებით, მან მალევე შეიცვალა წარმოდგენები. ის მომხრეებს მოუწოდებდა მიემართათ „ყველაზე რადიკალური მეთოდებისთვის, რაც მიზანთან დააახლოვებდათ. ამაში ის რევოლუციური რაზმების შექმნას გულისხმობდა- “შეიქმნას ყველანაირი ზომის რაზმები, დაწყებული 2-3 ადამიანიდან, რომლებმაც თავად უნდა მოიპოვონ ის იარაღი, რაც შეუძლიათ-თოფი, რევოლვერი, ბომბი, დანა, ჯოხი თუ ნავთიანი ტილო ხანძრის გასაჩენად”. გარკვეულ პერიოდში ლენინი ესერებზე უფრო შორს წავიდა. მან ფაქტობრივად გასცა ბრძანებები ტერორისტული აქტების ჩასადენად, რაკი მოუწოდებდა მომხრეებს თავს დასხმოდნენ იმპერიის სამსახურში მდგარ სამოქალაქო პირებს და სამხედროებს. 1905 წლის შემოდგომაზე მან ღიად მოუწოდა მომხრეებს ჟანდარმების და კაზაკების ლიკვიდირება მოეხდინათ, ჯარისკაცებისთვის მდუღარე წყალი, ხოლო პოლიციელებისთვის გოგირდ მჟავა შეესხათ.
რევოლუციამდელ რუსეთის იმპერიაში, 1905 წელს 3611 ჩინოვნიკი მოკლეს. 1907 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 4500 ადამიანამდე გაიზარდა. ისტორიკოს ანა გეიფმანის მონაცემებით, 1905-07 წლებში 2180 მოკლულ კერძო პირებთან ერთად, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 9000 ადამიანამდე ავიდა. ოფიციალური სტატისტიკით, 1908 წლიდან 1910 წლამდე 19957 ტერორისტული აქტი და ექსპროპრიაცია მოხდა, რომლის შედეგადაც 732 ჩინოვნიკი და ამასთანავე 3051 კერძო პირი იქნა მოკლული. სულ ტერორისტებმა ამ წლებში 4,5 ათასი სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელე დაჭრეს ან იმსხვერპლეს. რუსული რევოლუციური ტერორის “მამად” პეტრ ზაიჩნევსკი ითვლება, რომელიც ტვერის პოლიციის საკანში ჯდომისას დაწერა პროკლამაცია “ახალგაზრდა რუსეთი”, რომელშიც ტერორი რუსეთში ღიად იყო აღიარებული სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მეთოდად.
რუსი ბოლშევიკების ტერორისტული საქმიანობის ანალიზის გაკეთებისას, ისტორიკოსი და მკვლევარე გეიფმანი მივიდა დასკვნამდე, რომ მათთვის ტერორი ეფექტური და რევოლუციურ იერარქიაში ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. ამ პერიოდში სხვადასხვა რევოლუციური ჯგუფების წარმომადგენლები ხშირად მართავდნენ ერთობლივ ტერაქტებს. ხშირად, თანამშრომლობა ერთობლივი კონსულტაციების და შეხვედრების სახეს იღებდა. ამგვარად 1906 წლის ზაფხულში ფინეთში გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ესერებმა ნატანსონმა და აზეფმა, ისევე პოლონელი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ძერჟინსკიმ და რუსი ბოლშევიკების ლიდერმა ლენინმა. პეტერბურგსა და მოსკოვში, ბოლშევიკი კრასინი, რომელიც ბომბების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ლაბორატორიას ფლობდა, სიხარულით ეხმარებოდა ესერებს ოპერაციების ჩატარებაში, მისი ნაცნობი ესერები კი აღფრთოვანებულები იყვნენ ბოლშევიკური ასაფეთქებელი მოწყობილობების ხარისხით. 16-ფუნტიანი ბომბები, რომელიც აგრარული რეფორმის ავტორზე, პეტრე სტოლიპინზე თავდასხმაში გამოიყენეს, სწორედ კრასინის ბოლშევიკურ ლაბორატორიაში იყო დამზადებული. ბოლშევიკები ხშირად იყენებდნენ კრიმინალების დახმარებასაც-თანამშრომლობდნენ კონტრაბანდისტებთან, იარაღის მოვაჭრეებთან და სხვებთან. ვინაიდან, ტერაქტები პერსონიფიცირებული იყო, ხშირად ხდებოდა შეცდომების დაშვებაც. ჟანდარმერიის ოფიცერი სპირიდოვიჩი აღნიშნავდა, რომ 1906 წელს სოციალ-დემოკრატების “ნადირობისას” გენერალ-გუბერნატორ ტრეპოვზე, ტერაქტის შემსრულებელმა შეცდომით მოკლა გენერალი კოზლოვი. პენზაში, ჟანდარმერიის გენერალ პროზოროვკის ნაცვლად მოკლეს გენერალი ლისოვსკი. კიევში, ჟანდარმერიის გენერალ ნოვიცკის ნაცვლად დანა გაუყარეს გადამდგარ გენერალს. შვეიცარიაში რევოლუციონერმა ქალმა ტატიანა ლეონტიევმა მინისტრ დურნოვის მაგივრად მოკლა გერმანელი მოვაჭრე მიულერი. ტერორისტების უდანაშაულო მსხვერპლად შეიძლება ჩაითვალოს ჟანდარმ სპირიდოვიჩის მეუღლეც-მის თვალწინ მუშა რუდენკომ ზურგში ხუთი გასროლით მძიმედ დაჭრა მისი ქმარი. ქალი ჭკუიდან შეიშალა და მალევე გარდაიცვალა.
მსგავსი პოლიტიკური მკვლელობას მიეკუთვნება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაც- 1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობა.
ბოლშევიკების კიდევ ერთ საყვარელ საქმიანობას ექსპროპრიაცია-ანუ ძარცვა წარმოადგენდა. გავიხსენოთ, სტალინის ძმაკაცი ორელი კამო, რომელიც კნიაზ დადიანის სახელით მოგზაურობდა შვედეთში, გერმანიაში, ფინეთში და იარაღსაც აგროვებდა. კამო 1905 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, თუმცა გაქცევა შეძლო. ერთი წლის მერე პეტერბურგში ჩავიდა, სადაც ლენინისგან, იარაღის ჩამოსატანად გერმანიაში წასვლის დავალება მიიღო. ბერლინში დაიჭირეს, მაგრამ თავი მოიგიჟიანა და ექიმებმა ვერაფრით გაიგეს საღ ჭკუაზე იყო თუ არა. სწორედ კამოს სახელს უკავშირდება 1907 წელს, თბილისში ერევნის მოედანზე მომხდარი მსოფლიო რეზონანსის მქონე ექსპროპრიაცია. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ბომბი ააფეთქა, ბანკის ეტლი გაიტაცა და დღევანდელი კურსით 5 მილიონ დოლარამდე ფული მიიტაცა. ეს ფული ევროპაში გაიტანეს და “რევოლუციურ” საქმეს მოახმარეს. მსგავსი ისტორიები უამრავია, ყველაფრის ჩამოთვლა ერთ სტატიაში უბრალოდ შეუძლებელია. ისტორია მშვენივრად ინახავს ფაქტებს, სახელებს, ადგილებს, ციფრებს. თუმცა, ისტორიას სჭირდება გახსენება, შედარება, პარალელების გავლება, ანალიზიც. სწორედ ასეთი ისტორიების გახსენებით შეიძლება გავიაზროთ ის ანატომია, რომელიც დღევანდელ რუსეთს და მის სპეცსამსახურებს გააჩნიათ; გავიაზროთ იმ იდეოლოგიის სიღრმეები, რომელიც საწყისშივე იყო ძალადობრივი და რჩება ძალადობრივად. შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი დღეს ნაკლებია, შეიცვალა მეთოდებიც, მაგრამ იდეოლოგია და საფრთხე პროგრესული სამყაროსთვის იგივე დარჩა.
ლამზირა შანავა