ნინოწმინდაში პოლიციამ პირუტყვის ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი – 1986 წელს დაბადებული თ.დ. და 1978 წელს დაბადებული ტ.დ. დააკავეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდიონოვკის მიმდებარე ტერიტორიიდან, 2 სული პირუტყვი მოიპარეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ძმები – თ.დ. და ტ.დ. ნინოწმინდაში დააკავეს”, – ამბობენ უწყებაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს.