მარიამ ქვრივიშვილი: „უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის”
„ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას” – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას უზრუნველყოფს. წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია – SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.
„ბაქო-სუფსის მილსადენს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, რეგიონისთვის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. აღნიშნული მილსადენი ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, თუმცა, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსპლუატაციაში დაბრუნება. ამ პროექტის განახლებით საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროპისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს უზრუნველყოფს” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბაქო-სუფსის მილსადენი საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონში წარმატებით განხორციელებულ პირველ სატრანზიტო პროექტს წარმოადგენს. საოპერაციო შეთანხმების გაფორმება ქართული და აზერბაიჯანული მხარეების ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის გაგრძელების ახალი ეტაპია, რომელიც მის მონაწილეებს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.