კიევში ორენოვანი ანთოლოგიის – „ჩემი უკრაინა“ (100 ქართველი პოეტი – უკრაინას) წარდგენა გაიმართა
კიევში, უკრაინის იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ორენოვანი ანთოლოგიის – „ჩემი უკრაინა“ (100 ქართველი პოეტი – უკრაინას) წარდგენა. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი არ იყო მხოლოდ წიგნის პრეზენტაციის ადგილი, არამედ ის უკრაინელი და ქართველი ხალხების მეგობრობის კულტურულ სივრცედაც იქცა.
2023 წელს გამოცემულ ანთოლოგიაში შესულია ასზე მეტი თანამედროვე ქართველი პოეტის ნაწარმოებები, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში დაიწერა.
ღონისძიება გახსნა უკრაინის იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ სერბინმა. მან აღნიშნა, რომ ანთოლოგია უკრაინისთვის რთულ დროს ქართველი ხალხის მეგობრული მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა და ორი ხალხის კულტურული ერთიანობის დასტურია.
ოფიციალური მისალმების შემდეგ, ოლეგ სერბინმა შეასრულა მუსიკალური კომპოზიცია, რომელმაც დარბაზში გულწრფელობისა და ურთიერთთანადგომის ატმოსფერო შექმნა.
პრეზენტაციის ორგანიზატორმა და უკრაინული თარგმანების რედაქტორმა, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, ანატოლი ტკაჩენკომ, ისაუბრა ანთოლოგიის შექმნის ისტორიაზე, მთარგმნელების მოღვაწეობაზე, ქართული პოეზიის სიღრმესა და ემოციურობასა და უკრაინულ ენაზე თარგმნის თავისებურებებზე.
საქართველოდან ონლაინ ჩართვით შეუერთდნენ საღამოს: გამოცემის იდეის ავტორი გულიკო ზუმბაძე, ორიგინალების რედაქტორი, პოეტი და ფილოლოგიის დოქტორი თამარ შაიშმელაშვილი, ასევე თარგმანების რედაქტორი რაულ ჩილაჩავა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი და უკრაინის დამსახურებული არტისტი.
პრეზენტაციას მხატვრულად აფორმებდნენ: ვლადა ჩაიკას, ლესია კოროლიკის და რაინგოლდ გლიერის აკადემიის სტუდენტების მუსიკალური შესრულება. საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ქართულმა ცეკვებმა – „აჭარულმა“ და „რაჭულმა“.
არაერთხელ გაისმა სიტყვები, რომ კულტურას საზღვრები არ აქვს და პოეზიას, მუსიკასა და ხელოვნებას შეუძლია ხალხების გაერთიანება ყველაზე რთულ დროსაც კი.
პრეზენტაცია გააშუქა უკრაინის იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.
ფოტო: ანდრეი კანშინი.






