შოთა გულბანი: საქართველოში რომ მართლაც მიმზიდველი გარემოა, ამას OECD-ის ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებებიც მოწმობს

როცა OECD-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი შოთა გულბანი წერს.
“კარგი ამბავი. ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი ადგილით წინ წავიწიეთ და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე გავედით. ამ ინდექსში საქართველოს პოზიციონირება ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების გვერდიგვერდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში და რეგიონში უპირობო ლიდერი. ცნობისთვის ამავე ანგარიშში რუსეთი 85-ე ადგილზეა, თურქეთი 95-ე, აზერბაიჯანი 116-ე, სომხეთი 27-ე, ხოლო უკრაინა 135-ე. კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ფასდება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყნის პროგრესი, არის: მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება, მყარი ფული, თავისუფლება საერთაშორისო ვაჭრობაში და რეგულაციები. აქედან 4 მათგანში წინსვლა გვაქვს, ხოლო ერთში უკუსვლა და ეს არის მყარი ფული, რაშიც იგულისხმება ფულის მასის ზრდა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა, ინფლაციის დონე და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშების ფლობის თავისუფლება.
რატომ არის ამ და სხვა გლობალურ მოხსენებებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშნელოვანი? იმიტომ, რომ ის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია ინვესტორისთვის, როცა ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მისთვის მიმზიდველ გარემოს ეძებს ფულის დასაბანდებლად. ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველო მართლაც მიმზიდველი გარემოა, არამარტო ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსით დასტურდება, არამედ ამას მოწმობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას. კერძოდ, როგორც OECD-ის ექსპერტები აცხადებენ, ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება”, – წერს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები