ანრი ოხანაშვილი: მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა კანონმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ისტორიული და გამჭვირვალე პროცესი

„საქართველოს ისტორიაში, არასდროს ასე გამჭვირვალედ, ამ ინტენსივობითა და ამ ხანგრძლივობით არ მომხდარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წარმართვა. ეს არის მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის მონაპოვარი”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა,  განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატებთან წარმართული გასაუბრების პროცესი შეაფასა და მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყო ამ კანონმა. ამ კანონმა უზრუნველყო გასაუბრების ხანგრძლივი პროცესით წარმართვა. ჩვენს შეფასებას და დამოკიდებულებას დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ჯერ კომიტეტი და შემდგომ, თითოეული ჩვენგანი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებს. მთავარი ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალური ჩართულობა, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი საზოგადოებრივ და ისტორიულ პროცესს, – თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებას”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გონივრულ ვადებში წარმართვას უზრუნველყოფს.

„როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უზრუნველვყოფ, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, შესაბამის გონივრულ ვადებში წარმართული, რათა საბოლოო შედეგი იყოს კომპეტენტური, კეთილსინდისიერი კანდიდატების შერჩევა. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ მას მაქსიმალურად ტრანსპარენტულად წარვმართავთ”,- განაცხადა დეპუტატმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტებები. მისი განცხადებით, რეგლამენტის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე დარგის სპეციალისტები.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო შემადგენლობა. მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმი რომ დაგვეცვა, ჩვენ შევთავაზეთ ყველა ფრაქციას, უზრუნველყოს თითო წარმომადგენლობა ამ სამუშაო ჯგუფში”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შესაბამისად, მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნება” წარმოდგენილი იქნება 7 წევრით, აქვს შვიდი ფრაქცია, „ევროპულ საქართველო” -სამი წევრით, „ნაციონალური მოძრაობა” და „პატრიოტთა ალიანსი” კი ჯგუფში თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი.

მისივე თქმით, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატთან, მათი კანდიდატურა ჯგუფს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესის მეტად გამჭვირვალობისთვის, „ადვოკატთა ასოციაციას”, მისი თავმჯდომარე, ხოლო „იურიდიული დახმარების სამსახურს”, სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.

„ვფიქრობთ, მათი ჩართულობა ძალიან წაადგება ამ პროცესს და იქმნება შესაძლებლობა იმის, რომ ეს პროცესი ასევე მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. იმისთვის, რომ ღირსეული, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები იქნენ შერჩეული”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი თითოეული კანდიდატის შესახებ ამუშავებს ინფორმაციას. მანვე განმარტა, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სახალხო დამცველთან და შესთავაზა მას პროცესში ჩართულობა, თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ეს არის პარიტეტი, პროცესი, რომელიც ჩვენ წარვმართეთ. ამ პროცესს წინ უძღოდა გარკვეული კონსულტაციები გარკვეულ ჯგუფებთან”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ კომიტეტის თითოეული წევრი დღესვე მიიღებს ყველა იმ მასალას, რომელიც შემოსულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. პარლამენტი ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული მასალების პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები