აშშ-ში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის რუსულ კვალზე ალაპარაკდნენ – გერმანიის მთავრობა კი რუსეთთან კონფრონტაციის შიშით დუმს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ს ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განუცხადეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა პირველად დაადანაშაულეს რუსეთი ქვეყნის გარეთ მომხდარ მკვლელობაში.
„ამჟამად გერმანიის ხელისუფლება გამოძიებას სამ ქვეყანაში – გერმანიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში აწარმოებს, თუმცა შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ მკვლელობის უკან რუსეთი დგას”,- ნათქვამია პუბლიკაციაში.
„ამერიკელი ჩინოვნიკები არ ასახელებენ რუსეთის იმ ორგანიზაციებს ან ჩინოვნიკებს, რომლებიც, შესაძლოა, ამ მკვლელობის უკან იდგნენ. თავის მხრივ, კრემლი კატეგორიულად უარყოფს საზღვრებს გარეთ რაიმე სახის მკვლელობებში მონაწილეობას, თუმცა რუსეთმა ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ 2006 წელს დაამკვიდრა. ამ ხნის შემდეგ კრემლის მოწინააღმდეგეები იღუპებოდნენ ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და უკრაინაში თავდასხმების დროს. ევროპაში თავდასხმები ნაკლები სიხშირით ფიქსირდებოდა“,- წერს მასალის ავტორი.
ამასთან, The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანიის მთავრობის რეაქციის არარსებობამ, ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთა მტკიცებით, ამ გზით ბერლინი ცდილობს მოსკოვთან კონფრონტაციულ რეჟიმში არ შევიდეს.
„ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის ციხიდან ახალი გამოსულია, სადაც ის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ, მას რუსეთის პასპორტი გადასცეს ვადიმ სოკოლოვის სახელით, რასაც ამერიკელი ჩინოვნიკები შენიღბვას უწოდებენ. რამდენიმე დღის შემდეგ, „სოკოლოვმა“ პასპორტი მოსკოვში საფრანგეთის საელჩოში სპეციალური ვიზის მისაღებად წარადგინა, რომელიც მას შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას მისცემდა. ასეთ პასპორტს მხოლოდ რუსეთის მთავრობა თუ გასცემდა. ეჭვმიტანილი პარიზში გაემგზავრა, მერე ვარშავაში, რამდენიმე დღეში კი ბერლინში ჩავიდა. მან ვარშავაში სასტუმროს ნომერი დაჯავშნა და ბარგი დატოვა, ის ბერლინიდან დაბრუნებას გეგმავდა“,-ნათქვამია პუბლიკაციაში.
The Wall Street Journal წერს, რომ გერმანიის პოლიციას გაუჭირდება იმის დადგენა, თუ ვისზე მუშაობდა მკვლელი რუსეთის შიგნით.
„დასავლეთში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული თავდასხმები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტრადიციულად იმართებოდა ან მოსკოვში ფედერალური მთავრობის მიერ, ან კრემლის ხელდასმული ლიდერ რამზან კადიროვის მიერ, რომელიც ეთნიკური ჩეჩნების უსაფრთხოების აპარატს ხელმძღვანელობს. საქმეში გარკვეული პირები ასევე ამბობენ, რომ არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა – მკვლელობა სწორედ ჩეჩნეთის მიერ იყოს დაკვეთილი, მაგრამ რუსი აგენტების მხრიდან შესრულებული“,-წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები