პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებისა და აქტივისტების გამოკითხვა დასრულდა

0

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებისა და აქტივისტების გამოკითხვა დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„საქართველოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელსაც ფულს ვუხდით საქართველოს მოქალაქეები, საკუთარ მოქალაქეებსა და ამომრჩეველს არ უნდა სცემდეს ქუჩაში, არ უნდა აგინებდეს. დეტალურად აღვწერე გუშინდელი დღე, თუ როგორ დაგვესხა თავს მშვიდობიან მოქალაქეებს მოძალადე, რომელიც ახლა გვიზის პარლამენტში. ვთვლით, რომ აუცილებელია, ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ამ მოძალადე ადამიანს შეუჩერდეს მანდატი, დაუშვებელია ის აგრძელებდეს საპარლამენტო მოღვაწეობას“, – აღნიშნა ნოდარ რუხაძემ.

მისი განცხადებით, ასევე არის საუბარი, რომ მათ მოითხოვონ მუხლის გადაკვალიფიცირება, ვინაიდან საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, ამაზე საუბარი დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როცა გამომძიებლები დეტალურად განიხილავენ რვავე მოწმის ჩვენებას და ხელმეორედ დაგვიბარებენ გამოკითხვაზე“, – აცხადებს რუხაძე ჟურნალიატებთან საუბრისას.

დაზარალებულის სტატუსით იყო გამოკითხვაზე დაბარებული „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც ემზარ კვიციანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი განცხადებით, აუცილებელია, მოხდეს ემზარ კვიციანისთვის იმუნიტეტის შეჩერება და მისი დაკავება.

„ჩვენ მაქსიმალურად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, მედიის აქტიურობით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების საქმის კურსში ჩაყენების გზით შევეცდებით, გვქონდეს მაქსიმალური ზეწოლა იმაზე, რომ თუ ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერდა იმის გამო, რომ მისი მოწოდება შეიძლება, პოტენციურად ყოფილიყო ძალადობის წამახალისებელი, აქ პირდაპირ ძალადობდა ადამიანი, შესაბამისად, ყველა წესითა და კანონით მისი დაკავება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი დააკავა.

მანამდე კი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

წყარო: 1TV.GE

კომენტარები

კომენტარი