გალში ქართული საინფორმაციო ველის გათიშვას ითხოვენ, რათა მოსახლეობამ “რეალობა მიიღოს”

სოხუმში „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, რომელზეც საქართველოს მიერ სამხედრო ძალების ზრდის საკითხი, ასევე, ის ინიციატივები განიხილეს, რომლებიც უნდა იყოს მიმართული გალის რაიონის მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.
„მრგვალი მაგიდა“ კულტურულმა ფონდმა „სამართლიანობა. კეთილდღეობა. განვითარებამ“ გამართა.
როგორც შეხვედრაზე გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ნაირა ამალიამ განაცხადა, რაიონში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც „რესპუბლიკაში საქართველოდან შედიან“.
„მათ მიერ ორგანიზებულ ყველა პროგრამაში საქართველოს ინტერესი იკვეთება. გალის რაიონში უამრავ პრობლემას წავაწყდი. დასავლეთის ორგანიზაციების მეშვეობით საქართველო ახალგაზრდობასთან მუშაობს. გალის რაიონში 19 სკოლაა. ის სკოლები, რომლებიც ქალაქშია, აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციას, მეტნაკლებად, ღებულობენ“, – აღნიშნა ამალიიამ.
მისი თქმით, საჭიროა გაცილებით აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რომ მოხდეს რაიონის მცხოვრებლების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაცია.
„რაიონის მცხოვრებთა დიდი ნაწილი მეგრელები არ არიან, ეს ეთნიკური აფხაზებია, შერეული ოჯახები. ისინი აფხაზეთის საინფორმაციო ველისგან მოწყვეტილი არიან, ქართულ ტელეარხებს უყურებენ. პირველ ყოვლისა, საჭიროა საქართველოს საინფორმაციო ველის გათიშვა. მაუწყებლობა აფხაზურ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს, რაიონში აფხაზური არხი ყველგან არ იჭერს. უნდა გაიხსნას სკოლა-ინტერნატები. ოდესღაც ამ რაიონის მოსახლეობა ჩვენს რეალობას მიიღებს“, – ფიქრობს ამალიია.
„მრგვალი მაგიდის“ მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საჭიროა რესპუბლიკის ინტერესების გაცილებით პროდუქტიული გატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები