„აშშ ცდილობს, საქართველო რუსეთს „მოგლიჯოს“ – ლავროვი საქართველოში დაგეგმილ ნატო-ს სწავლებას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დასავლეთის ნეგატიურ გავლენებზე კვლავ ისაუბრა.
როგორც ლავროვმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, „ჩვენი დასავლელი პარტნიორები და, პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი მეზობელი რუსეთის ფედერაციას „მოგლიჯონ“.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე „საქართველოში ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი იმყოფებოდა, რომლებიც სპეციალური დანიშნულების რაზმებსა და, ზოგადად, სამხედროებს წვრთნიდნენ“.
ლავროვის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც საქართველოში ნატო-ს ჩართულობით მორიგი მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე, ასევე, მისი დასავლელი პარტნიორები აშშ-სა და ნატო-ში მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ საქართველოში ალიანსის სამხედრო სწავლებები არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო პლატფორმებზე მუდმივად აცხადებენ, რომ კავკასიაში ნატო-ს გაძლიერება მათთვის საფრთხისშემცვლელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გარდა ამისა, კრემლი მუდმივად ამხნევებს დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს, რომ ამ ე.წ. რესპუბლიკებში „რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას დაიცავს“. პარალელურად კი მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრირებას.
საქართველოში სამხედრო სწავლება მრავალეროვნული სწავლება – 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს: საქართველოდან, აშშ-დან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მონტენეგროდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
24 ივლისს კი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო სწავლება გაიმართება.
რუსეთის სწავლებაში 58-ე და 49-ე არმია და გიუმრიში მდებარე 102-ე სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები ჩაერთვებიან. განცხადების თანახმად, „საზაფხულო სწავლების ინტენსიური მომზადების ეტაპი გადაიზრდება ორმხრივი საშტაბო სწავლებაში, რომელშიც იქნება ჩართული ოლქის ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის – შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა და იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები