საქართველოში დაგეგმილი ნატო-ს სწავლების ფონზე, მოსკოვი ცხინვალსა და სოხუმში სამხედრო სწავლებას გამართავს

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში საქართველოში დაგეგმილი ნატო-ს სწავლების ფონზე რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო სწავლებას გამართავს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლებაში 58-ე და 49-ე არმია იქნება ჩართული.
სწავლებაში ჩართული იქნება სამხედრო საჰაერო ძალების მე-4 არმიის საავიაციო ნაწილები.
გარდა ამისა, სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესრულებაში სომხეთში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან.
„საზაფხულო სწავლების ინტენსიური მომზადების ეტაპი გადაიზრდება ორმხრივი საშტაბო სწავლებაში, რომელშიც იქნება ჩართული ოლქის ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის – შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით მრავალეროვნული სწავლება – Agile Spirit 2019 ჩატარდება.
სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე, საველე წვრთნებს მოიცავს.
სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.
Agile Spirit 2019 სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება.
მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს.
მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები