საქართველოსა და იაპონიის ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ ბოლნისში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდა

იაპონიის ელჩმა ქვემო ქართლის რწმუნებულთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები მოინახულა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ესტუმრა. მან ბოლნისის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და ბოლნისი მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ბოლნისში პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაური) სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოები მოინახულა.
ელჩმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერსა და სახელმწიფო რწუმნებულს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პროექტი იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. იაპონური მხარის მიერ გამოყოფილი იყო 82 000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენდა 31451.02 ლარს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სასმელ და სარწყავ წყალზე 6000–ზე მეტი ადამიანს ექნება წვდომა. ამასთან, რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 240–მდე ჰექტარი მიწის მოსავლიანობის ზრდა.
„მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულდა. ეს არის პირველი საერთო პროექტი, რომელიც იაპონურ მხარესთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა, რაც გულისხმობს სოფელ ბოლნისის, ზემო ბოლნისის, ფოლადაურისა და სამწევრისის მაცხოვრებელთათვის სუფთა და უსაფრთხო წყლის მიწოდებას, ისევე როგორც სოფელ ბოლნისის, ზემო ბოლნისისა და სამწევრისისთვის სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველყოფას. მოგეხსენებათ მოსახლეობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება და მსგავსი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა და სწორედ ამიტომ, მელიორაციის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროდუქციის წარმოების გაზრდას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები